Accentnews.ge
"ოპოზიციასთან მოლაპარაკების მთავარი წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა"

"ოპოზიციასთან მოლაპარაკების მთავარი წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა"

10/11/2020 09:23:13 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მთავარი წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა. ამის შესახებ მან OSCE/ODIHR–ის დამკვირვებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის რომ ყველა მხარემ – “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც არჩევნების შედეგების დათვლით გამოვლინდა და ცსკ–მ გამოაქვეყნა. ჩვენ ვთქვით არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც, რომ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს. ახლა დროა, ოპოზიციამაც თქვას იგივე. ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.

9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S