
"ელჩების მიერ მომზადებული მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა"
11/11/2020 17:37:41 საშინაო პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზეზად "საელჩოების წარმომადგენლების მხრიდან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თითქმის მომზადებული დიალოგის ბოლო მომენტში ჩაშლის" ფაქტს ასახელებს.
"ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ. რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს არ შველის. ყველა დამნაშავეა, აბსოლუტურად. [...] რახან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, მინდა, ყველას ვუთხრა და ჩემ თავსაც გავუმეორო – ეს ადამიანები ასე ვთქვათ, თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველანი ხართ ერთნაირები", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ენმ–ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით, კი მისი მოწოდება განმარტა.