
ფინანსთა მინისტრი – საარჩევნო ბარიერგადალახულ ოპოზიციაზე: "ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდნენ პარლამენტში"
12/11/2020 07:23:46 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პარლამენტში.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არასდროს ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვა და დამტკიცება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა არის.
"დარწმუნებული ვარ, დიალოგის რესურსი არსებობს და ერთ რამეს გეტყვით - არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია, რომ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება და ლეგიტიმაცია, როგორც ახლა არის", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.