EMC: "მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა დაჯარიმება"
13/11/2020 07:28:15 სამართალი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, "შეწყვიტოს "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა დაჯარიმება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა".
"EMC ეხმიანება 10 ნოემბერს საპატრულო პოლიციის მიერ "კომენდანტის საათის" დროს, უსახლკარო პირის მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს და სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება და მის ნაცვლად მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური და მუნიციპალური სამსახურების ჩასართავად. მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მდგარი პირი, მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან შემოღებული დამატებითი შეზღუდვის, ე.წ. კომენდანტის საათის (რაც თავის მხრივ პრობლემური მზღუდავი ღონისძიებაა მისი ფორმალურ-სამართლებრივი კანონიერების თვალსაზრისით) დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს. როგორც მოქალაქე და მისი ადვოკატი მიუთითებენ, იგი უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და შშმ პირია, თუმცა ეს გარემოება არ აღმოჩნდა მისთვის ჯარიმის გამოწერის თავიდან აცილების საფუძველი. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველ ფაქტს არ წარმოადგენს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, ბათუმში უსახლკარო პირი ნაქირავებ ავტომობილში ღამის გათევისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს", – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
EMC-ში მიიჩნევენ, რომ უსახლკარობის პრობლემა და განსაკუთრებით თავშესაფრის არმქონე პირების მწვავე საჭიროებები კიდევ უფრო ცხადი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში რამდენადაც თავშესაფრის არქონა ან არასათანადო საცხოვრისი პირდაპირ დაუკავშირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის განსაკუთრებულად მაღალ რისკებს:
"უსახლკარო პირების დაუცველობიდან და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკაროთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის გზით. ამასთან, სპეციალურმა მომხსენებელმა დაუშვებლად მიიჩნია საცხოვრისის არქონის გამო ადამიანების დასჯა ვირუსის შეკავების ღონისძიებების (მათ შორის, კომენდანტის საათის) ფარგლებში".
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ და მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს:
"ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და პრაქტიკულად მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის. სახელმწიფოს მიდგომა რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კანონიერი და პროპორციული ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა, ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება".
ცნობისთვის: 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას ზღუდავს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.


