Accentnews.ge
მადლობა სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის - შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

მადლობა სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის - შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

14/11/2020 08:11:38 სამართალი

თბილისში, გუშინ ღამით, ყაჩაღობა მოხდა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი მეგობარი სამმა პირმა, სამედიცინო მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დააყაჩაღა და თანხა გამოსძალეს, ხოლო გაცხადების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ცხელ კვალზე 3 პირი დააკავა, რომელთაგანაც ორი, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 2001 წელს დაბადებული თ.ე. და 2002 წელს დაბადებული თ.კ., ასევე, 1995 წელს დაბადებული ა.გ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედებათ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური “სამედიცინო უნივერსიტეტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, 1993 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს და მის მეგობარს – 1999 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და 2 თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“, – ნათქვამია შინაგანა საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს დილით დაზარალებულმა მომხმარებელმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც იგი შსს-ს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დამნაშავეები დააკავა.

„სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა ვაკე საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, განსაკუთრებული მადლობა 7 სამმართველოს დეტექტივებს და უფრო დიდი მადლობა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.

მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ყოველშემთხვევაში ამ კონკრეტულ ადგილას ყველანი მეგობრულები და სამართლიანი ადამიანები მუშაობენ“ – დაწერა დაზარალებულმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S