მოლაპარაკებების II რაუნდი: ხელისუფლება დიალოგის პარლამენტში გაგრძელების მზაობაზე, ოპოზიცია არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხის დახურვაზე იუწყება

14-11-2020 13:23:20 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში, აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მორიგი შეხვედრა დასრულდა. როგორც მოლაპარაკებების II რაუნდის შემდეგ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, "ამ ფორმატში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი ვერ ამოიწურება და მზადაა, მოლაპარაკებები X მოწვევის პარლამენტში გაგრძელდეს".

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ ფორმატში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი ამოიწურება. მზად ვართ, ეს დიალოგი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში გავაგრძელოთ. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები და საპარლამენტო არჩევნები ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას და მოდით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი დაიხურა.

„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი საკუთარი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა. შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის თქმით, "ცსკ–ის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ":

"სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცსკ–ის გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ცსკ–ის ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ".

მისივე თქმით, მხარეების პოზიციებში მნიშვნელოვანი სხვაობაა და იმედს გამოთქვამს, ნაბიჯ–ნაბიჯ პოზიციები დაახლოვდება.

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება:

"ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მერე შეიძლება, დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი".

შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომედგენლებმა განაცხადეს, რომ ორივე მხარე დიალოგის გაგრძელებისთვის მზადაა და მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე:

"დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგია, რომ ძალიან მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე. „ქართული ოცნება“ ძალიან შორის არის თავისი პოზიციით ჩვენგან, მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოალაპრაკება გაგრძელდება".

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დიალოგის პროცესის გაგრძელება:

„კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ მნიშვნელოვანია დიალოგის პროცესი. ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი. კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ახალი, ხელახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი პარტიის პოზიცია. ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, არ მიმაჩნია, რომ ეს კორექტულია".

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული, თუმცა ქუჩის პროტესტისა და დიალოგის გაგრძელების შემთხვევაში, იგი წარმატებაში დარწმუნებულია:

"რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული. იმედია, გაგრძელდება ეს დიალოგი, თუმცა მთავრია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს და დამერწმუნეთ, შედეგი იქნება. ეს ორივე პროცესი – მოლაპარაკების და სახალხო წინააღმდეგობის უნდა წავიდეს პარალელში და მერე იქნება ხელშესახები შედეგები".

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ პირველი რაუნდის მსგავსად, დღესაც უკომენტაროდ დატოვა.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები