“მთავარი გამარჯვებული ბაქოა: ალიევის აზერბაიჯანმა პუტინის რუსეთი ბეჭებზე დაანარცხა!”

15-11-2020 15:46:36 კავკასია

ანალიტიკოს ანდრეი ილარიონოვის ხედვები იმის შესახებ, თუ რა მოხდა 2020 წლის შემოდგომაზე მთიან ყარაბაღში და რა რეალობას ვიღებთ თვენახევრიანი ომის შედეგად:

ვინ დამარცხდა?

უპირველესად, დამარცხდა სომხეთი, რომელმაც რეალური, სერიოზული მარცხი განიცადა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით.

ამის მიზეზებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთის წინააღმდეგ მოქმედებდა სამი ძალა – აზერბაიჯანი, თურქეთი და კრემლი. ანუ, ყარაბაღის მეორე ომი - ეს იყო რეგიონის სამი უმსხვილესი სამხედრო-პოლიტიკური ძალის ერთობლივი იპერაცია სომხეთის წინააღმდეგ და გასაგებია, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღთან ერთად 44 დღის განმავლობაში ამ სამი ერთობლივად მოქმედი ძალის აგრესიას ვერ გაუძლებდა.

მაგრამ მარცხი განიცადა არა მარტო სომხეთმა, არამედ ამ ოპერაციის მონაწილე რუსეთმაც - და ეს იყო უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც მასშტაბებით ბოლო 2,5 ასწლეულის განმავლობაში ანალოგი არ გააჩნია: 1796 წლიდან, როდესაც რუსეთის იმპერია აქტიურად ჩაერთო სამხრეთ კავკასიის საქმეებში და ამ რეგიონში ჯარების გზავნა დაიწყო, რუსეთის სახელმწიფოს (რაც არ უნდა რქმეოდა მას სხვადასხვა პერიოდში – რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი თუ რუსეთის ფედერაცია) არც ერთ მმართველს არასოდეს მიუცია თანხმობა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების განთავსებაზე და პირველი, ვინც 2020 წლის 10 ნოემბერს ეს გააკეთა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გახლავთ!

  • თურქი სამხედროების “გამოცანა”

დიახ, ახლა ბევრს ბჭობენ იმაზე, ვინ იქნებიან ეს თურქი სამხედროები – მშვიდობისმყოფელები თუ დამკვირვებლები; ერთი ცენტრი იქნება სადამკვირვებლო, თუ რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე; აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება ცენტრი, ყარაბაღის ტერიტორიაზე თუ სად; გამოიყენებენ თუ არა სამხედროები სადამკვირვებლო საშუალებებს - დრონებს თუ რაიმე სხვას და ა.შ.

მაგრამ რაც არ უნდა ითქვას ამასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში თუ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ფაქტია, რომ 2020 წლის 10 ნოემბრამდე, 224 წლის განმავლობაში არავის თავშიც კი არ მოსვლია, რომ რუსეთის ხელისუფლება, მისი წარმომადგენლები ოდესმე თანხმობას განაცხადებდნენ ამიერკავკასიაში თურქი სამხედროების განთავსებაზე! და როგორც არ უნდა ცდილობდეს ახლა პუტინი ამ არასასიამოვნო რეალობის წარმოჩენას, რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდეს მისი პრეს-მდივანი პესკოვი ან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ზახაროვა, რეალობა არ იმალება: ვიცით, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ პუტინსა და ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტს – რედ.] შორის საუბრის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც ასახულია, რომ ალიევი, თვალებში შესცქერის რა პუტინს, ამბობს, რომ მადლიერია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის და რომ მათი – ალიევისა და პუტინის მოლაპარაკებების შედეგად მიიღწა შეთანხმება თურქი მშვიდობისმყოფელების რეგიონში განთავსების თაობაზე. თავის მხირვ, პუტინი [ჩანაწერში – რედ.] ამ ყველაფერს ყურადღებით ისმენს და არანაირ წინააღმდეგობას არ სწევს! დიახ, ამის შემდეგ მესამე პირთა (პესკოვის, ზახაროვას და ა.შ.) გამოყენებით კეთდება ამის უარმყოფელი განცხადებები, თუმცა თავად პუტინი დუმილს ინარჩუნებს, კრემლის საიტზე კი ალიევთან ამ საუბრის ამსახველი არც ვიდეო, არც სტენოგრამა გამოქვეყნებულა, მაშინ, როცა ყველა მსგავსი საუბარი და მოლაპარაკება საიტზე გულმოდგინედ და ძალზე სწრაფად თავსდება ხოლმე! ანუ, პუტინსაც, კრემლსაც ძალიან კარგად ესმით, რომ დაუშვეს, გნებავთ, შეცდომა, გნებავთ, სისუსტე, გნებავთ, დამარცხდნენ – რაც გენებოთ, ის დაარქვით, მაგრამ ეს რეალურად მოხდა! და ამას ადასტურებს შემდგომი საუბრებიც: ალიევისა - ერდოღანთან, რომლის დროსაც ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ დადასტურდა, ლავროვისა - ჩავუშოღლუსთან [რუსეთისა და თურქეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები – რედ.], რომლის დროსაც ეს საკითხები ასევე განიხილებოდა, შოიგუსი [რუსეთის თავდაცვის მინისტრის – რედ.] - თურქ კოლეგასთან და ამ საუბრის შემდეგ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი ქვეყნის (რუსეთისა და თურქეთის) თავდაცვის უწყებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ...

აი, ეს არის ფაქტები და რასაც არ უნდა აცხადებდნენ ახლა რუსული მხარის წარმომადგენლები, ფაქტი ერთია: რუსულ-თურქული ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი ნიშნავს პუტინის მიერ თურქი სამხედროების მიწვევას ამიერკავკასიაში! მეტიც: ახლა, როცა უკვე პუტინი ერდოღანს ესაუბრა და ყველა ამ მოლაპარაკებებმა ჩაიარა, თურქულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუბარია არა ერთ სადამკვირვებლო ცენტრზე, არამედ ცენტრებზე მთელს ამ ტერიტორიაზე! რუსულმა მხარემ კი საპასუხოდ გვითხრა, “იცით, დაკვირვება სხვადასხვა მეთოდებითაა შესაძლებელი, მაგალითად, დრონების გამოყენებითო”… - იმ დრონების, რომელთა გამოყენებითაც ამ ომში სომხური ჯარისა და სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა? ანუ, ეს თურქული დრონები იფრენენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის თავზე?! - და დააკვირდით, ეს უკვე არა ერდოღანმა თქვა ან თურქეთის რომელიმე სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა! არ ვიცი, აცნობიერებდა თუ არა ლავროვი, რას ამბობდა ამით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ვიმეორებ: პუტინმა თურქი სამხედროები სამხრეთ კავკასიაში მიიწვია!

  • კრემლმა მიზანს მიაღწია, მაგრამ რუსეთმა საშინელი მარცხი განიცხადა?

ახლა – იმის შესახებ, თუ ვინ მოიგო...

რუსეთმა, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აშკარა და გამაოგნებელი მარცხი განიცადა. მაგრამ საკუთრივ კრემლმა, რომელსაც სურდა, არა მარტო სომხეთის, არამედ ყველას (იგივე უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, თუნდაც აზერბაიჯანის, ბელორუსისა და ყველა დანარჩენის) დასანახად სამაგალითოდ დაესაჯა ფაშინიანი და სომხური საზოგადოება (დაესაჯა ნარინჯისფერი რევოლუციისთვის; იმისთვის, რომ სომხებს შეუძლიათ, დემოკრატიული გზით თავად აირჩიონ თავისი ხელმძღვაელობა, მოახდინონ მთავრობის ფორმირება, რომელიც ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტირსაც აირჩევს, ამ შემთხვევაში – მრავალვექტორულს, დაკავდება ანტიკორუფციული ბრძოლითაც, მათ შორის რუსეთის პროტეჟეების, მაგალითად პუტინის დიდი მეგობრის – ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის საქმიანობის შესწავლით, - ანუ ყველაფერ იმით, რაც რუსეთს მისი პრივილეგირებული ინტერესების სფეროში აბსოლუტურად დაუშვებლად მიაჩნია), ამ კონკრეტულ მიზანს მიაღწია: დასჯილია სომხეთი, დასჯილია საკუთრივ ბ-ნი ფაშინიანიც. და დასჯილია იგივე მეთოდებით, რომლითაც მანამდე საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – ანუ ტერიტორიების წართმევით. უბრალოდ სომხეთის შემთხვევაში წართმეულია ტერიტორია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავად მას ჰქონდა ოკუპირებული..

ასე, რომ სომხეთის დასჯის კრემლისეული მიზანი მიღწეულია (და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთი დასაჯა იმ კრემლმა, რომელსაც სომხეთთან ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გააჩნია და რომელმაც საჭირო დროს თითიც არ გაანძრია მის დასახმარებლად!). კრემლმა გაიმარჯვა. მაგრამ აი, რუსეთმა ამ დროს უდიდესი გეოპოლიტიკური მარცხი განიცადა!

ვინაა გამარჯვებული?

მაშ ვინაა მთავარი გამარჯვებული? ბევრი ასეთად თურქეთს მიიჩნევს და ამ ვერსიას თავისი საფუძვლები აქვს: დიახ, თურქეთმა მიიღო მისი სამხედროების სამხრეთ კავკასიაში შეყვანის შესაძლებლობა, თანაც არა ძალისმიერი გზით, არამედ კრემლის მიწვევით (ამაზე ოსმალეთის არც ერთ სულთანს არც კი უოცნებია!). გარდა ამისა, თურქებმა მიიღეს გზა ნახჭევანიდან აზერბაიჯანში (გზა, რომელზეც იგივე სულთნები მრავალი ასწლეულის განმავლობაში ოცნებობდნენ, რადგან ეს არის უწყვეტი დერეფანი თურქულენოვანი საზოგადოებების გავლით სტამბოლიდან თურქულენოვან შუა აზიამდე, რაც მათ არასდროს ჰქონიათ)… ამ გაგებით, დიახ, თურქეთმა ძალიან ბევრი რამ მოიგო.

მაგრამ მთავარი გამარჯვებული მაინც სხვაა და ეს არის აზერბაიჯანი! აზერბაიჯანმა არა მარტო სომხეთი დაამარცხა. ალიევის აზერბაიჯანმა უდიდესი და ძალზე მტკივნეული მარცხი განაცდევინა პუტინის რუსეთს.

დიახ, რა თქმა უნდა, ბაქოს თურქეთი ეხმარებოდა – ტექნიკურადაც, ინსტრუქტორებითაც, პოლიტიკურადაც, რესურსებითაც, მაგრამ ძირითად საქმეს მაინც აზერბაიჯანი აკეთებდა.

ამის ილუსტრირებისთვის მოდით, გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ბაქო მთელი ამ დროის განმავლობაში.

  • “კავკასია - 2020”

როდის დაიწყო ომი? - 27 სექტემბერს. და რა მოხდა ერთი დღით ადრე, ანუ 26-ში? - 26 სექტემბერს რუსეთის ტერიტორიაზე დასრულდა სამეთაურო-საშტაბო წვრთნები “კავკასია 2020”, რომელიც 21 სექტემბრიდან გრძელდებოდა. აზერბაიჯანი ერთ დღესაც არ დაელოდა – ამ მანევრების დასრულებიდან მეორე დღესვე წამოიწყო შეტევა. გახსოვთ იგივე წვრთნები 2008 წელს? - მაშინ “კავკასია 2008”-ის მონაწილე რუსული ჯარი მანევრების დასრულების შემდეგ არსად წასულა – პირიქით, კავკასიის უღელტეხილებზე აინაცვლა და რამდენიმე დღეში საქართველოში შეიჭრა. მანამდეც და მერეც რამდენჯერმე ეს წვრთნები საქართველოზე ზეწოლისთვის იქნა გამოყენებული... აზერბაიჯანელებმა ეს გაკვეთილი გაითვალისწინეს, “კავკასია 2020”-ის დასრულებას დაელოდნენ და მაშინვე წამოიწყეს თავისი ოპერაცია. ეს ყველაფერი - იმ დროს, როცა მინისტრი შოიგუ და რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები აღტკინებით გვიყვებოდნენ ამ მრავალათასიან წვრთნებზე მიღწეული წარმატებების შესახებ!

დავაკვირდეთ: სწავლებაში მონაწილე 80 000-კაციანი კონტინგენტი საკმარისზე მეტი იყო ყარაბაღის მეორე ომის საწყის ეტაპზევე – 27 სექტემბერსზე შესაჩერებლად, მაგრამ კრემლს ეს ბრძანება არ გაუცია... და ეს მხოლოდ ორ რამეს შეიძლება, ნიშნავდეს: კრემლს ან წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ბაქოს გეგმების შესახებ, ან იცოდა აზერბაიჯანის ზრახვები და “მწვანე შუქი” აუნთო ბაქოს…

არადა, იმ წვრთნებში ხომ სომხური კონტინგენტიც მონაწილეობდა (სომხეთი ხომ “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” – ОДКБ-ს წევრია). მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელებიც – მაგრამ დამკვირვებლების სტატუსით…

როგორც ბ-ნი შოიგუ გვიამბობს, ამ წვრთნების ფაგრლებში წარმატებით ჩატარდა სროლები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ისეთი საშუალებებიდან, როგორიცაა, მაგალითად, С-300, - სწორედ ის С-300-ები, რომლებიც სრულად განადგურდა ამ 44-დღიანი ომის მსვლელობისას იმ დრონების მიერ, რომლებიც ბ-ნმა ლავროვმა ახსენა (ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ), როგორც ერთ-ერთი შესაძლო საშუალება, რომელსაც სამომავლოდ ყარაბაღში სადამკვირვებლო მისიის წარმოებისას თურქი სამხედროები გამოიყენებენ!

ეს ყველაფერი, მეგობრებო, გაწნული სილაა – და არა იმდენად სომხეთისთვის, რამდენადაც რუსეთისთვის – რუსეთის თავდაცვის საინისტროსთვის, გენშტაბისთვის, ბატონების შოიგუსა და პუტინისთვის!

  • პუტინის, როგორც მომლაპარაკებლის სტატუსის დრამატული დაცემა

როგორც ცნობილია, პირველი ზავიდან 2020 წლამდე, ანუ 26 წლის განმავლობაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხებით ეუთო-ს მინსკის ჯგუფი იყო დაკავებული, რომლის თანათავმჯდომარეები აშშ, საფრანგეთი და რუსეთი არიან. და შემთხვევითი არაა, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს დაზავებისკენ მოწოდებას ამ სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. მაგრამ 40 დღეში – 10 ნოემბერს პუტინი ერთობლივ განცხადებას უკვე ბ-ნ ალიევთან აფორმებდა... ბ-ნი პუტინის სტატუსის რაოდენ დრამატული ცვლილებაა (1 ოქტომბერს ის ჯერ კიდევ ტრამპთან და მაკრონთან ურთიერთობს, 10 ნოემბერს კი ხელმომწერთაგან მხოლოდ ბ-ნი ალიევია)! თანაც, როგორც ზემოთ ხსენებულ ვიდეოჩანაწერზე ვხედავთ, ალიევს კი არ დაურეკია პუტინისთვის, პირიქით – პუტინმა დაურეკა ალიევს!

  • პუტინის დამცირებების წყება

მაგრამ იმ დამცირებების წყება, რომელიც ბ-ნმა პუტინმა იწვნია, ამითაც კი არ სრულდება. თუ კრემლის საიტს დავუჯერებთ, ომის 44 დღის განმავლობაში იყო პუტინის 5 თუ 6 საუბარი სომხეთის პრემიერ ფაშინიანთან. თითოეული ამ საუბრის შინაარსი საიტზე დეტალურადაა აღწერილი: ფაშინიანი დახმარებას ითხოვდა, პუტინი კი ყოველ ჯერზე პასუხობდა, სროლა უნდა შეწყდეს, ომი უნდა შეწყდესო (ეს ფრაზა ალბათ, ძალიან ეცნობათ უკრაინელებს!). კრემლის საიტზე ასევე არის ცნობები ერდოღანთან პუტინის საუბრების შესახებ - მათი ნაწილი რუსული მხარის ინიციატივით გაიმართა, ნაწილი – თურქულის. მაგრამ კრემლის საიტზე არ მოიპოვება არც ერთი ინფორმაცია ალიევთან პუტინის კონკრეტული სატელეფონო საუბრების თაობაზე! - როგორც ჩანს, ამ 44 დღის განმავლობაში არანაირი საუბრები მათ შორის დიდად არც ყოფილა და ერთადერთი კონტაქტი იმ ვიდეოჩანაწერზეა ასახული, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ – ანუ რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ წარმოადგინა.

დააკვირდით: ამ საუბარში – ანუ როდესაც პუტინმა დაურეკა ალიევს, წარმოდგენილი არ იყო ფაშინიანი… რატომ? ომის შეწყვეტის შესახებ განცხადება ხომ სამმხრივი უნდა ყოფილიყო? როგორც ჩანს, ამას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება, ჰქონდეს: ალიევმა თქვა, რომ იქ ფაშინიანი არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ანუ, მან პუტინს პირობა წაუყენა - და ეს პირობა შესრულდა… აქ კიდევ ერთხელ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას შემდეგზე: ეს პირობა პუტინს წაუყენა არა ერდოღანმა, არა ტრამპმა ან მაკრონმა, არამედ ალიევმა - და პუტინმა ალიევის მოთხოვნა დააკმაყოფილა!

ყველამ ვნახეთ, როგორ ცინიზმს იჩენდა ალიევი ფაშინიანის მიმართ ყარაბაღის სტატუსზე საუბრისას. მაგრამ რეალურად, ეს იყო ცინიზმი არა ფაშინიანის, არამედ პუტინის მიმართ: პუტინმა ვერ დაიცვა თავისი მოკავშირე სომხეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – მთიანი ყარაბაღის სტატუსი! არადა, ეს ერთადერთი იყო, რასაც ფაშინიანი, წინამორბედთა მსგავსად, ითხოვდა – ამისთვის სომხური მხარე მზად იყო, გაეღო დიდი ფასი, თანამოქალაქეების – სომეხი სამხედროების სიცოცხლის ჩათვლით! პუტინმა კი სომეხი მოკავშირის ამ ერთადერთი თხოვნის შესრულებაც ვერ უზრუნველყო! და რატომ? - იმიტომ, რომ ალიევმა თქვა, რომ ეს არ მოხდებოდა!

ზემოთ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სწორედ ალიევმა განაცხადა პირველმა თურქი სამშვიდობოების შესახებ – და პუტინს წინააღმდეგობა არც აქ გაუწევია!…

  • ვინაა წამყვანი თურქეთ-აზერბაიჯანის წყვილში?

ხედავთ, რამდენი რამ მოახერხა ალიევმა მარტომ – სანამ საქმეში ერდოღანი გამოჩნდებოდა? და თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ რამდენიმეჯერ პუტინმა სწორედ ერდოღანს დაურეკა, როგორც ჩანს, ერდოღანს ბაქოსთან შედარებით, უფრო მოქნილი პოზიცია ჰქონდა და აქეთ ალიევზე ახდენდა გარკვეულ გავლენას სასურველი შედეგების მისაღებად… ამგვარად, ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინაა მთავარი ამ წყვილში, მთლად ზუსტი და კორექტული არაა.

გარდა ამისა, რაც ბრძოლის ველზე გაკეთდა, გაკეთდა უპირველესად, აზერბაიჯანის მიერ (დიახ, რა თქმა უნდა, თურქეთი მას ეხმარებოდა, დიახ, სირიელი ბოევიკები ადგილზე თურქეთის გავლით ჩაიყვანეს – ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ მაინც): 26 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1 მლრდ დოლარის ხარჯვა თავდაცვაზე, შეიარაღებაზე – ეს ალიევია, ეს აზერბაიჯანია და არა ერდოღანი, არა თურქეთი; საკუთარი ჯარის რეფორმირება უცხოელი, მათ შორის თურქი ინსტრუქტორების ჩართულობით – ეს ალიევია; ებრაული უპილოტოების შესყიდვა – ესეც ალიევია; ტაქტიკისა და სტრატეგიის ცვლილება აზერბაიჯანული არმიისა, რომელმაც დე ფაქტოდ ბლიც-კრიგი განახორციელა 44 დღეში სომხური თავდაცვის დასაძლევად, არაქსის ველის სრულად დასაკავებლად, ზანგეზურთან გასასვლელად, ლაჩინის შტურმისა და მიუდგომელი შუშის დასაკავებლად – ეს ყველაფერი ალიევია!

თურქები, რა თქმა უნდა, ასრულებდნენ თავის როლს, მაგრამ ეს როლი დამხმარე იყო, მთავარი როლი კი აზერბაიჯანმა შეასრულა… ასე, რომ ეს არის პუტინის მარცხი არა მარტო თურქეთის და არა იმდენად თურქეთის, რამდენადაც აზერბაიჯანისა და საკუთრივ ალიევის წინაშე! და ეს ძალზე მტკივნეული მარცხია, რადგან რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო მარცხი თურქეთის წინაშე, აზერბაიჯანის წინაშე მარცხი გაცილებით მტკივნეულია!

  • რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება

პუტინის მარცხსა და დამცირებაზე საუბრისას მინდა, ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მომენტზე, რომელიც რატომღაც სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა - რუსული ვერტმფრენის ისტორიაზე.

საფრენი აპარატი სომხეთის ტერიტორიის თავზე, ნახჭევანის სიახლოვეს, ზანგეზურთან იქნა ჩამოგდებული. ვიცით, რომ ეს იყო სამხედრო ვერტმფრენი, მაგრამ არა უბრალოდ სამხედრო: ის არ იყო, მაგალითად, სამხედრო-სატრანსპორტო, ის იყო МИ-24 – ანუ მოიერიშე, საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მისი ჩამოგდების ადგილიდან რამდენიმე ასეულ კმ-ში, სომხეთ-თურქეთის საზღვართან მდებარე გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას ეკუთნოდა.

ისმის კითხვა: რა უნდოდა ამ ვერტმფრენს იქ, სადაც ჩამოაგდეს – ანუ იქ, სადაც ის მანამდე არასდროს ყოფილა, რადგან ამ ტერიტორიაზე 102-ე რუსული ბაზის კონტროლი ნამდვილად არ ვრცელდება და იქ, სადაც თურქეთის საზღვარი ნამდვილად არ გადის?

პასუხი მარტივია: ეს საბრძოლო ვერტმფრენი მიაცილებდა 102-ე ბაზის სამხედროების კოლონას, რომელიც ყარაბაღში მიემართებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად… არადა, როგორც შემდგომში შეგვატყობინეს, პუტინმა სამშვიდობო მისიის შესრულება მე-15 მოტომსროლელ ბრიგადას დააკისრა, რომელიც ულიანოვსკში – ანუ ყარაბაღიდან თითქმის 2 000 კმ-შია დისლოცირებული…

არ ვიცი, რატომ არავინ დაფიქრებულა იმაზე, რატომ არ დაეკისრა სამშვიდობო მისია იმთავითვე გიუმრის ბაზას, რომელიც პრაქტიკულად ადგილზევე მდებარეობს და მის ნაცვლად დაეკისრა ბევრად უფრო შორს მდებარე ულიანოვსკისას? გიუმრიდან ლაჩინამდე მიღწევა ხომ ბევრად მარტივია და ბევრად ნაკლებ დროს დაიკავებდა...

საქმე აქ იმაშია, მეგობრებო, რომ პუტინმა სამშვიდობო მისია თავიდან სწორედ 102-ე ბაზას დააკისრა და სამხედროები დაიძრნენ კიდეც ყარაბაღისკენ. სწორედ მათ მიაცილებდათ ის ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენი. მაგრამ ალიევს ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, არ მოეწონა: მოგეხსენებათ, გიუმრის რუსული ბაზა სომხეთში წლებია, დგას და ბუნებრივია, სომხურ მხარესთან შესაბამისი კავშირი აქვს ჩამოყალიბებული – გნებავთ, კონტაქტების, გნებავთ, ემოციურ დონეზე… ცხადია, ალიევს ასეთი სამშვიდობოები ყარაბაღში არ სჭირდებოდა და რუსეთის ამ გადაწყვეტილების მიუღებლობის ნიშნად რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო.

რა გააკეთა საპასუხოდ პუტინმა? - არა ის, რასაც სუპერდერჟავის ამ თუნდაც მსხვილი სახელმწიფოს ხელმძღვანელი აკეთებს ასეთ შემთხვევებში და არა ის, რაც გააკეთა თავის დროზე, როცა რუსული საფრენი აპარატი თურქეთმა ჩამოაგდო, მოსკოვი უსიტყვოდ დაკმაყოფილდა აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური მობოდიშებით და დააკმაყოფილა ალიევის მოთხოვნა: მან გიუმრის 102-ე რუსული ბაზის სამხედროები უკან გააბრუნა და სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სამხედროების ულიანოვსკიდან ჩამოყვანა დაიწყო! ამას კი, ბუნებრივია, ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა – და აზერბაიჯანი ამ დროს სათავისოდ იგებდა, რათა კიდევ მოესწრო ბევრი რამის გაკეთება ყარაბაღში…

  • ვინ იყო მოლაპარაკებებისას პირობების დიქტატორი და რატომ არ თანხმდებოდა ალიევი პუტინთან საუბარს

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი არათუ გამარჯვებული იყო, არამედ საკუთარი პირობების დიქტატორიც – როგორც სამხედრო, ისე სადაზვერვო, ისე იმ თვალსაზრისით, რომელი რუსი სამშვდობოები უნდა ჩამდგარიყვნენ იქ და რომელი არა, რომელი თურქი სამხედროები უნდა განთავსებულიყვნენ ან არ უნდა განთავსებულიყვნენ იქ და ა.შ.

აზერბაიჯანის წამყვან როლზე მეტყველებს ისიც, რომ ომის 44 დღის განმავლობაში, ბოლო ღამის გამოკლებით, არ მოგვეპოვება არანაირი მტკიცებულება ალიევსა და პუტინს შორის საუბრისა. ხოლო თუ იმ ბოლო ღამის საუბრით ვიმსჯელებთ, ამ საუბრის განმავლობაში ალიევმა არა მარტო მოითხოვა, რომ ფაშინიანს მასში მონაწილეობა არ მიეღო (და ასეც მოხდა), არა მარტო დააყენა თურქი სამხედროების საკითხი (რაც შემდგომში დადასტურდა), არამედ სწორედაც რომ ალიევმა წაიკითხა ერთობლივი განცხადების ტექსტი, რომელიც შემდგომში უკვე გამოქვეყნდა კიდეც. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ალიევი იყო ომის შეწყვეტის შესახებ განცხადების ტექსტის ავტორიც და მთელი ამ მოლაპარაკებათა პროცესის მთავარი მონაწილეც - ალიევი და არა პუტინი. და პუტინთან საუბარსაც ის ბოლოს - მხოლოდ საკუთარი მიზნების მიღწევს შემდეგ დასთანხმდა!

რატომ შეჩერდა ალიევი?

აბსოლუტრად ნათელია, რომ სურვილის შემთხვევაში აზერბაიჯანი გააგრძელებდა წინსვლას და აიღებდა სტეპანაკერტსაც, დაიკავებდა მთელს მთიან ყარაბაღსაც. მაგრამ ეს, როგორც ჩანს ალიევის მიზანს არ წარმოადგენდა. მას სჭირდებოდა შუშა, როგორც სიმბოლო – და მან ის მიიღო. შუშის აღების შემდეგ იგი ჭრიდა მთავარ სტრატეგიულ გზას, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებდა.

მეორე მოთხოვნით – ქელბაჯარის რაიონის გადაცემის თაობაზე – იგი ჭრიდა მეორე გზას და შედეგად მთელი მთიანი ყარაბაღი “ტომარაში” ექცეოდა.

ეს ყველაფერი ალიევისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი, სასარგებლო და ხელსაყრელი იყო, ვიდრე ყარაბაღის აზერბაიჯანული ჯარის მიერ დაკავება, რა დროსაც ან რის შემდეგაც შეიძლებოდა, ადგილი ჰქონოდა სხვადასხვა ინციდენტებს, რომლებიც აზერბაიჯანს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში არცთუ სახარბიელო მხრიდან წარმოაჩენდა. ეს ალიევს არაფერში სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა ყარაბაღის ყულფში მოქცევა – ყულფში არა მარტო სომხეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც და მან ეს განახორციელა კიდეც.

და სწორედ ეს გახლავთ ამ ომის ერთ-ერთი მთავარი შედეგი: რუსეთი ბეჭებზე არა ბ-ნმა ტრამპმა დაანარცხა, არა ბ-ნმა მაკრონმა და არა ბ-ნმა ერდოღანმა, არამედ ბ-ნმა ალიევმა!

რას ნიშნავს ეს ყველაფერი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის?

  • პუტინის რუსეთი არც ერთ თავის მოკავშირეს არ დაეხმარება და ყველა მათგანს ადვილად გაწირავს

ყარაბაღის მეორე ომმა გვიჩვენა, უპირველესად, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ) რეალურად არ არსებობს და რომ პუტინის (ხაზს ვუსვამ – პუტინის) რუსეთი საჭირო დროს არც ერთ თავის მოკავშირეს არ დაეხმარება – პირიქით, შესაძლოა, მთელი თავისი რესურსი სწორედაც რომ ყველაზე სანდო ისტორიული მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართოს.

ზოგადადაც, რომ დავაკვირდეთ, რა გააკეთა პუტინმა ბოლო წლების განმვალობაში, მან კონფლიქტები გამოიწვია რუსეთის ყველა ისტორიულ მოკავშირესთან და ეს მოკავშირეები მტრებად აქცია: მართლმადიდებელი საქართველო აქცია მტრად; 400 წლის განმავლობაში რუსეთის უახლოესი მოკავშირე - უკრაინა აქცია მტრად; მოლდოვა აქცია (იქ გამუდმებული შიდა კონფრონტაციაა ამის გამო, მაგრამ რუსეთისთვის მეგობრად მოლდოვა მაინც არ იქცა); იგივე შიძლება, ითქვას ბელარუსზე (ჯერ კიდევ 9 აგვისტოს არჩევნებამდე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მართლაც პრორუსულად იყო განწყობილი, ოპოზიციის ლიდერი – ქ-ნი ტიხანოვსკაია კი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უნდოდა, შეჰხვედროდა პუტინს და რომ “ყირიმი რუსეთს ეკუთვნის”, ახლა კი ის ამბობს, რომ “თუ პუტინს საერთოდ შეხვდება, შეხვდება მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ხელის ფათური შეწყვიტოს და რომ ყირიმი უკრაინაა); ახლა სომხეთიც აქცია მტრად (ახლა, როცა რუსეთმა მას ყველას თვალწინ ასე უღალატა, ცხადია, სომხეთი დაიწყებს სხვა მოკავშირების, სხვა ბლოკების, გადარჩენის სხვა მოდელის ძებნას)… ეს ყველაფერი – პუტინის შემოქმედების წყალობით! მას მართლაც რომ უნიკალური ნიჭი აქვს, აქციოს რუსეთის ისტორიული მოკავშირეები ოპონენტებად, მოწინააღმდეგეებად და მტრებად და ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი რუსეთს უდიდეს უბედურებად ექცევა…

  • ალიევის მიერ შექმნილი პრეცედენტი

ალიევის მიერ შექმნილი პრეცედენტი, რაღა თქმა უნდა, მაგალითია მთელი რიგი ოპერაციების ჩასატარებლად – როგორც სამხედროს, ისე პოლიტიკურის და დიპლომატიურის. ამასთანავე, თურქულენოვანი და უფრო ფართოდ მუსლიმი ხალხებისთვის ეს მაგალითია იმისა, როგორ უნდა იმოქმედონ ქრისტიანულ სამყაროში – და ამ დასკვნის შედეგების პროგნოზირება ახლა ძალზე რთულია.

რაც შეეხება საუბრებს იმის შესახებ, რომ “ახლა აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე როგორც რუს, ისე თურქ სამხედროებს იღებს”, ამაზე მარტივი პასუხი მაქვს: თუ რუსი სამხედროების განთავსების რუქას დავაკრივდებით, ყველა რუსი მშვიდობისმყოფელი დგება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი ერქვა, მაგრამ არა მთელს ამ ტერიტორიაზე, რადგან აზერბაიჯანული არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არც ერთი სამშვიდობო არ იქნება! ანუ, რუსები იდგებიან მთიანი ყარაბაღის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სომხურ ხელისუფლებას ექვემდებარება, არც ერთი მშვიდობისმყოფელი არ იდგება არც საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და არც მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ბაქო აკონტროლებს. შესაბამისად, უხეშად რომ ვთქვათ, რუსი სამხედროები ყარაბაღში მისი დარჩენილი ნაწილის დასაცავად ჩადგნენ, ბაქოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი ისინი ფეხსაც ვერ შეადგამენ!

ამით განსხვავდება ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ამჟამინდელი განთავსება იმისგან, როგორ განთავსდნენ ისინი, მაგალითად, 1990-იან წლებში საქართველოში. და ეს ალბათ, შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლების სიძლიერეზეა დამოკიდებული: თუ ხელისუფლება სუსტია, როგორიც იყო, მაგალითად, საქართველოში შევარდნაძის მმართველობისას, მაშინ სამშვიდობოები დროთა განმავლობაში მართლაც იწყებენ თვითნებობას, ვითარების მართვას და სცდებიან მათთვის განსაზღვრულ ფარგლებს. იგივე შეიძლება, ითქვას ასევე სევასტოპოლის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომლის სამხედროებმა შემდეგ ყირიმის დასაპყრობად გასვლები დაიწყეს. ესეს – როცა მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლება სუსტია. ხოლო თუ ხელისუფლება ძლიერია, როგორც ახლა აზერბაიჯანის შემთხვევაში, რუსი სამხედროები ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ და მათთვის განსაზღვრულ ტერიტორიას ვერ გასცდებიან...

რად იქცა ყარაბაღი და როგორია მისი პერსპექტივები?

ყარაბაღში ახლა გვაქვს ერთგვარი “ტომარა” და თუ აქამდე მასში მხოლოდ ყარაბაღელი სომხები იყვნენ მოქცეულები, ახლა მათთან ერთად არიან რუსი სამშვიდობოებიც.

სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, შუშა აზერბაიჯანის ხელში რჩება. ამასთანავე, მთიანი ყარაბაღისკენ ორი გზიდან ერთი ლაჩინისა და შუშის გავლით გადიოდა, ხოლო მეორე მთელს ქელბაჯარის რაიონთან ერთად ასევე აზერბაიჯანს გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ სტეპანაკერტთან კავშირისთვის აუცილებელი გახდება გზის გარკვეული მონაკვეთის მშენებლობა შუშის გვერდის ავლით.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ყარაბაღი – ეს არის ერთგვარი ტომარა განვითარების არანაირი პერსპექტივისა და სამხედრო დაცვის არმქონე ტერიტორიის სახით, რადგან სამმხრივი განცხადება ითვალისწინებს სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ყარაბაღის ტერიტორიიდან – ანუ იქ შესაძლებელი იქნება, მხოლოდ სასროლი იარაღი დარჩეს და სამშვიდობოების მთავარი ამოცანა იქნება სომხური (და არა ორივე!) მხარის მიერ ზავის პირობების შესრულების კონტროლი.

ანუ, პუტინმა ალიევის მოთხოვნით აიღო ვალდებულება, აკონტროლოს, რომ რუსეთის მოკავშირე სომხეთმა არ გამოიყენოს დაცვის საშუალებები იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაღაც ეტაპზე რაღაც შესძლო პრობლემები შეიქმნება. არანაირი უფლებამოსილება აზერბაიჯანული მხარის შეიარაღებულ ძალებზე ზემოქმედებისა არც სამმხრივ განცხადებაში და არც შემდგომ კომენტარებში ყოფილა გათვალისწინებული! ისმის კითხვა: რაში სჭირდებოდა ასეთი შეთანხმება, ასეთი რეგულირება სომხეთს?!

რა უნდა მოიმოქმედოს სომხეთმა?

ადამიანური თვალსაზრისით, სომხების, სომხეთის ამჟამინდელი ემოციური მდგომარეობა აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყარაბაღი მხოლოდ მახრჩობელა იქნება სომხეთისთვის და მას განვითარების შესაძლებლობას არ მისცემს.

ძალიან ძნელია, ასეთ ვითარებაში მყოფ ვინმეს რამე ურჩიო, მაგრამ თუ საქმე სომეხი ერის, სომხური სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე მიდგა, რაც უფრო მალე მივლენ სომხები დასკვნამდე, რომ უმჯობესია, თავისი სახელმწიფოებრიობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აშენონ, მით უკეთესი იქნება მათთვის. ეს დაახლოებით იგივეა, რაც პოლტავასთან მიმართებაში შვედებმა გააკეთეს, რაც სინაის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით ისრაელსა და ეგვიპტეს შორის გაკეთდა, ისევე, როგორც გაკეთდა ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორში ებრაული დასახლებების მიმართ და შეგვიძლია, მსოფლიოში ამის კიდევ არაერთი მაგალითი მოვიყვანოთ.

სჯობს, უარი თქვა წინა საუკუნეებში დაპყრობილ ტერიტორიაზე, მის მიმართ ემოციური დამოკიდებულების მიუხედავად და განვითარდე შენს ისტორიულ საზღვრებში. ეს წარმატების საწინდარია. ეს საწინდარია მშვიდობის, მშვიდობიანი ურთიერთობების მეზობლებთან და ისტორიულ საზღვრებში განვითარების.

და სხვათა შორის, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია უკრაინისთვისაც: უკრაინულმა საზოგადოებამ, ისევე, როგორც ახლა სომხურმა საზოგადოებამ, თემის უკიდურესი მტკივნეულობის მიუხედავად, უნდა გააცნობიეროს ეს ყველაფერი და მივიდეს ამ საკითხების განხილვამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

რა მოხდება, თუ სამომავლოდ აზერბაიჯანი ყარაბაღში წინ წაწევას გადაწყვეტს?

დღეს თვალწინ ის რეალობა გვაქვს, რომ 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში აზერბაიჯანულმა ჯარმა რუსული ჯარი გაანადგურა. რასაც არ უნდა გვიყვებოდნენ რუსი სამხედრო ჩინოსნები და მედია, სადღეისოდ სომხური ჯარი შესაძლოა, გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანიც კი იყოს, ვიდრე რუსული - მოტივაციის, დისციპლინისა და ისეთივე ტექნოლოგიური დონის გათვალისწინებით, როგორიც რუსულ ჯარს აქვს. ამიტომ ყარაბაღის ველებზე აზერბაიჯანელებმა რუსული ჯარი გაანადგურეს. ყველა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება განადგურდა, მთელი რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა... ყველა ტაქტიკა და სტრატეგია, რომელიც სომეხმა ოფიცრებმა გამოიყენეს – ეს რუსული არმიის ტაქტიკა და სტრატეგიაა, რუსული სამხედრო სასწავლებლების, რუსული სამხედრო აკადემიების ტაქტიკა და სტრატეგია. და ამ ყველაფერმა გამანადგურებელი მარცხი განიცადა ყარაბაღის მეორე ომში. ამდენად, უახლოეს პერსპექტივაში აზერბაიჯანს არანაირი საფუძველი არ აქვს, ეშინოდეს რუსული ჯარის. ეს – პირველი.

მეორე: ალიევის სტრატეგიულ ინტერესს, როგორც ჩანს, მთელი მთიანი ყარაბაღის დაკავება არ წარმოადგენს. ის კარნახობდა ამ ვითარებაში პირობებს, ის კარნახობდა საზღვრებს იმ ტერიტორიებისა, რომლებიც სომხებს უნდა გაეთავისუფლებინათ და მან ამას მიაღწია. დანარჩენი ყარაბაღში ალიევს არ სჭირდება, რადგან ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი,მთიანი ყარაბაღი თავად განადგურდება – ამისთვის არაფრის კეთება არაა საჭირო ბაქოს მხრიდან: სომხები იქიდან უკვე მიდიან და წავლენ, თანაც, როგორც ჩანს, ძალიან მალე (ყარაბაღი ისედაც ძლივს ირჩენდა თავს ამ 26 წლის განმავლობაში, როცა ხსენებული ორი გზა არსებობდა და მათგან მეორე – ჩრდილოეთიდან მომავალი გზა - ყარაბაღის ტვირთბრუნვის 80%-ს უზრუნველჰყოფდა, ახლა კი, როცა მეორე გზა გადაჭრილია, პირველს კი – ლაჩინის დერეფანს რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ხოლო ამ გზიდან ორივე მხარეს, 2,5 კმ-ში აზერბაიჯანული ჯარი დგას, ყარაბაღში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელი გახდა). ომამდეც ამ ტერიტორიაზე არაუმეტეს 150 000 ადამიანისა ცხოვრობდა. მათი ნაწილი სომხეთში უკვე გაიქცა, მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი კი ფაქტობრივად სრულიად დაუცველი რჩება და არც ერთი ნორმალური ადამიანი არ დატოვებს ახლობლებს, თავის ოჯახსა და საკუთარ თავს ასეთ მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღი ძალიან მალე გაუკაცრიელდება – რაც სჭირდება კიდეც ალიევს. მას არ სჭირდება აქ ეთნიკური წმენდის მოწყობა, არც გენოციდის – იგი უბრალოდ ჭრის არტერიებს და შემდეგ ცხოვრება იქ თავისთავად კვდება.

ამასთან, ალიევი იღებს უშუალო კავშირს ნახჭევანთან, რომელსაც იცავს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური – და ეს დერეფანი მას პუტინისგან აქვს მიღებული.

კრემლის ერთჯერადი შეცდომა იყო ეს, თუ შეიძლება, ყარაბაღის მოვლენები ტენდენციად იქცეს?

რომ შევაჯამოთ, ბაქოში მყოფი ავტორიტარული ლიდერი სადღეისოდ ინტელექტით მნიშნელოვნად უგებს კრემლის ავტორიტარულ მმართველს.

რაც ვიხილეთ, რუსეთის გლობალური გეოპოლიტიკური მარცხია, რომლიდანაც არ არსებობს რაიმე სწრაფი ან საშუალოვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადი გამოსავალი: ვითარების შესაძლო შეცვლის ყველა ფაქტორი, ობიექტურად, მუშაობს აზერბაიჯანისა და თურქეთის სასარგებლოდ და არ არსებობს არც ერთი ფაქტორი, რომელიც რუსეთსა და სომხეთზე იმუშავებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები