Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრის აპარატი:"საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა"

სახელმწიფო მინისტრის აპარატი:"საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა"

15/11/2020 15:40:31 კონფლიქტები

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადეს, რომ "საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა".

უწყების ცნობით, 14 ნოემბერს "წითელი ჯვრის" ჩართულობით ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვლი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

"საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ,,წითელი ჯვრისგან’’ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში. ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. ამ მიზნით, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე.

სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ონისე გათენაშვილის ოჯახს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S