Accentnews.ge
რუსეთმა აფხაზეთისთვის ტერიტორიის ნაწილ-ნაწილ წართმევა დაიწყო

რუსეთმა აფხაზეთისთვის ტერიტორიის ნაწილ-ნაწილ წართმევა დაიწყო

15/11/2020 16:11:52 კონფლიქტები

სერიოზული პრობლემები აფხაზეთს უკვე დიდი ხანია, დაეწყო, ახლა კი — პანდემიის ურთულეს პერიოდში ისინი მხოლოდ გამწვავდა. როგორც აღმოჩნდა, კრიზისი შეეხო ახალგაზრდა სახელმწიფოს არა მარტო ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს, არამედ თითქმის ყველა სახლში შეაღწია და მოსახლეობას შიმშილით ემუქრება.

მთავარი პრობლემა, რომელიც აფხაზეთს ანადგურებს, კორონავირუსზე უფრო აქტუალურიც კია. ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომელიც მეგობრის, მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის «კეთილი ნებით» აფხაზური საზოგადოების ყოფას ლამის ყოველდღიურად ცვლის. სწორედ ამ პრობლემაზე ვამახვილებდი ყურადღებას ჩემს ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში, როდესაც შეშფოთებას გამოვთქვამდი აფხაზეთის მომავალთან დაკავშირებით მთავარ მოკავშირესთან — რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების გამო.

აფხაზური საზოგაოდების გარკვეულ ნაწილში ჩემი შეშფოთება ღიმილს იწვევდა, ზოგიერთები «დაკვეთაზეც» კი მიანიშნებდნენ, მაგრამ მკითხველთა დიდი ნაწილი აცნობიერებდა, რომ ეს არა ავტორის ფანტაზიის ნაყოფი იყო ან გაზვიადება, არამედ რეალობა, რომელსაც აფხაზეთი უახლოეს მომავალში შეეჩეხებოდა.

და აი, მიმდინარე თვეში საზოგადოება შოკირებული იყო ინფორმაციით სოფელ აიბღაში ხიდის გახსნის შესახებ. თითქოს კეთილი და სასარგებლო საქმეა. ამ ხიდის წყალობით რუსეთის ფეერაციის ტერიტორიის მოსაზღვრე აფხაზური სოფლის მაცხოვრებლების გზა საგრძნობლად შემოკლდა და უფრო კომფორტული გახდა. პრობლემა კი იმაშია, რომ ამ ხიდს სასაზღვრო სამსახურების ყოველგვარი კონტროლის გარეშე მივყავართ პირდაპირ მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. და მეტიც, ხიდის მშენებლობისა და რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის, ასე ვთქვათ, ძალზე უცნაური პირობების შესახებ არც აფხაზეთის ხელისუფლებას, არც იმ სტრუქტურებს ეცნობათ, რომელთა მოვალეობაშიც სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე კონტროლი შედის. «დასკვნითი აკორდის» სახით კი აფხაზური სოფელი აიბღა «როსრეესტრის» ბაზაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სახითაა შეტანილი.

ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, გააგრძელოს საუბრები ჩემი სტატიების არაობიექტურობისა და რეალობის დამახინჯების შესახებ, მაგრამ რესპუბლიკაში უკვე ყველას ესმის, რომ რუსეთმა აფხაზეთისგან ტერიტორიის ნაწილ-ნაწილ წართმევა დაიწყო. და დარწმუნებული ვარ, აიბღა გრძელი სიის მხოლოდ პირველი პუნქტია.

«მოკავშირე ქვეყნებს — რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის. ნებისმიერი სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები საზღვრისპირა ზონებში როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე აფხაზეთის რესპუბლიკის მხრიდან, მით უფრო ხიდის მშენებლობა მხარეებს შორის ოფიციალურად, მთავრობების დონეზე უნდა იყოს შეთანხმებული, რაც ამ შემთხვევაში არ გაკეთებულა. ჩემი შეფასებით, აქ საქმე გვაქვს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევასა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან. ხიდი ააგეს იქ, სადაც ის არ უნდა ყოფილიყო არანაირი პარამეტრებით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების არანაირი სტანდარტებით», - ამბობს ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია «არუაას» ხელმძღვანელი თემურ გულია.

მისი მოსაზრებები გაიზიარეს პარლამენტის დეპუტატებმაც, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ. სხდომა საკმაოდ ემოციური გამოდგა. დეპუტატებმა და ძალოვანი უწყებების მიწვეულმა წარმომადგენლებმა საკმაოდ ხისტ ფორმაში გამთქვეს მოსაზრება, რომ რუსეთმა არა უბრალოდ გადააჭარბა უფლებამოსილებას, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოიჭრა.

«ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და დადასტურდა, რომ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე გაიხსნა ხიდი. თანაც მისი მშენებლობისთვის საფუძვლები არ არსებობდა — ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ისინი ვერ აღმოვაჩინეთ.… პრინციპში, იქ საერთოდ არაფრის მშენებლობა არ შეიძლებოდა სახელმწიფოთაშორისი კომისიის ნებართვის გარეშე. ის კი არა, ამ სოფელში ასვლაც კი ორმხრივი შეთანხმების გარეშე გათვალისწინებული არ არის», - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ილია გუნიამ.

აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მკითხველებისთვის რომ გასაგები იყოს, ვიტყვი, რომ აფხაზურ სოფელ აიბღაში სააგარაკე ტიპის 20-მდე სახლია და მათში ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ადლერში არიან ჩაწერილები. ისინი აიბღაში მხოლოდ დროებით იმყოფებიან — ეწევიან მესაქონლეობას, მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები. მუდმივად კი ეს ადამიანები რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამასთან, აიბღაში არ არსებობს ადმინისტრაცია, მილიციის პუნქტი, სახელმწიფო უწყებები იქ წარმოდგენილი საერთოდ არ არის.

სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გართულების მომასწავებელი «პირველი მერცხალი» ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის ფარგლების შეცვლის თაობაზე. თავად რესპუბლიკაში, სხვათა შორის, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ ჟურნალისტების ძალისხმევით შეიტყო აფხაზურმა საზოგადოებამ, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეამცირა აფხაზეთის ტერიტორია. და ეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ნებით მოხდა, რომელმაც 2020 წლის 17 იანვარს გამოსცა № 12 ბრძანება «კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის ფარგლების შესახებ» - და აფხაზური სოფელი აიბღა კრასნოდარის მხარის ადლერის რაიონის ნაწილად აქცია.

აფხაზეთის პარლამენტმა ძალოვან უწყებებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფსოუზე ხიდის მშენებლობის გარემოებების გარკვევა დაავალა და იმედი გამოთქვა, რომ აიბღას საკითხი განხილვის თემად იქცევა აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების უახლოესი დღეებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე [ამ მასალის გამოქვეყნების დროისათვის ეს შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა მისი დეტალები ჯერ უცნობია — რედ.].

საკითხის გარკვევამდე კი დავუბრუნდები ჩემს ფიქრებს ორმხრივი ურთიერთობების გართულების თაობაზე. თუ აქამდე ამაზე მხოლოდ თეორიულად გვიხდებოდა მსჯელობა, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე საკმაოდ ბევრი კონკრეტული მაგალითი დაგვიგროვდა. და ვშიშობ, სოფელ აიბღას ისტორია ამ მხრივ უკვე გავლილი ეტაპია. აფხაზეთისთვის მიწების წართმევის ახალი ფორმა ახლა ულტრათანამედროვე და ულტრამოდურ პროექტად გადაიქცა სახელწოდებით «წინმსწრები განვითარების ტერიტორიები». იმაზე, თუ რა საფრთხეები ექმნება აფხაზეთს ამ პროექტის რეალიზების შემთხვევაში, ერთ-ერთ ბოლო პუბლკაციაში უკვე დავწერე. თუ მსგავსი ზონები რესპუბლიკაში მაინც გაჩნდება (რაზეც ასე ძალიან ოცნებობს რუსეთი), ხიდის უკანონო მშენებლობის, აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის შესახებ საუბრები უკან მოგვრჩება. ინვესტიციების მოზიდვის მსოფლიო პრაქტიკის საფარქვეშ რუსეთი აფხაზეთს საუკეთესო მიწებს წაართმევს, ჩვენ კი ამისათვის წინააღმდეგობის გაწევის არანაირი შესაძლებლობა აღარ გვექნება.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვარწმუნებდით მსოფლიოს, რომ რუსეთი ჩვენი მხსნელი იყო, მოკავშირე და დამხმარე და რომ სწორედ მას, როგორც არავის, ვანდობდით ჩვენს სიცოცხლესა და მომავალს. ახლა კი, როცა სტრატეგიულმა მოკავშირემ ჩვენი მიწების მიტაცება გადაწყვიტა და თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, მსოფლიოში ცოტა თუ დაგვიჯერებს, რომ ასეთი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. გახსოვთ ისტორია მწყემსი ბიჭის შესახებ, რომელიც გართობის მიზნით ტყუილად ყვიროდა «მგელი, მგელიო», ხალხი საშველად გარბოდა, მგელი კი არსად ჩანდა, ხოლო როდესაც ერთხელ მართლაც გამოჩნდა, ბიჭის ყვირილს აღარავინ ენდო და არ უშველა?

დიდი სურვილი მაქვს, ვიფიქრო, რომ ვერაგი პარტნიორის კლანჭებიდან დახსნილი აფხაზეთის გადარჩენა ამჯერადაც მოხერხდება და უძველესი აფხაზური სახელმწიფოს ისტორია არ დასრულდება ისე, როგორც მწყემსი ბიჭის, რომელიც მგელმა საბოლოოდ მაინც გადასანსლა. მაგრამ აი, ვისკენ გავიქცეთ საშველად — ჯერ ვერაფრით მოვიფიქრე. რუსეთის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი ვადა კი უმოწყალოდ იწურება.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S