
IRI შუალედურ ანგარიშში მთელ რიგ საარჩევნო დარღვევებზე მიუთითებს
16/11/2020 13:51:50 საშინაო პოლიტიკა
"31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა, ცესკო მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში", - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშია ნათქვამი.
ამასთანავე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, "ძირითადად არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში".
თუმცა დოკუმენტში ყურადღება მთელ რიგ დარღვევებზეც არის გამახვილებული:
"შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტურად იყო განხორციელებული. წინასაარჩევნო პერიოდში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრად იყო დაცული, თუმცა არჩევნების დღეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნორმების დაცვა შესუსტდა. როგორც ჩანს, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა სურათმა ხელი არ შეუშალა ამომრჩევლის აქტივობას, რომელმაც შეადგინა 56.11%, რაც 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. ძირითადად არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში. თუმცა სანდო დამკვირვებელი ორგანიზაციების მონაცემებით, ადგილი ჰქონდა სერიოზულ პროცედურულ ხარვეზებს, როგორიცაა მარკირების პროცესის დარღვევა, ამომრჩევლისთვის საარჩევნო ჯიხურთან ფოტოს გადაღების ფაქტები, რაც ხმის ფარულობის დარღვევაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებში ბუნდოვანება, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სუსტი დაცვა და შემაჯამებელ ოქმებში მანიპულაციების ფაქტები. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული სხვა დარღვევები მოიცავდა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ტენდენციებს“,- ნათქვამია ანგარიშში.