ქართველი ექსპერტები პომპეოს საქართველოში ამერიკელი სამხედროების მუდმივ საფუძველზე განთავსებას სთხოვენ

16-11-2020 19:37:30 თავდაცვა ,საგარეო პოლიტიკა

ქართული საექსპერტო თანამეგობრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თბილისში მის მოახლოებულ ვიზიტამდე ღია წერილით მიმართავს და ქვეყანაში მუდმივ საფუძველზე ამერიკელი სამხედროების განთავსებას ითხოვს.

წერილის ავტორების აზრით, ამ ნაბიჯით აშშ ერთის მხრივ, მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისკენ გზაზე და მეორეს მხრივ, უზრუნველჰყოფს საკუთარი რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლასაც.

"მიგვაჩნია, რომ ევრო-ატლანტიკური სისტემა აშშ-ის ლიდერობით ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ერთადერთი გარანტიაა. ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ადგილი გახდა. უსაფრთხოების რისკების უმეტესობა მომდინარეობს რუსეთის ამბიციისგან, აღადგინოს საბჭოთა პერიოდის "გავლენის სფეროები". ახლახანს რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალების განთავსებით რეგიონში მისი წარმოდგენილობა გააფართოვა.

დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან საქართველოს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეები ცდილობდნენ, შეექმნათ ფუნქციური დემოკრატია. ამ პროექტში აშშ შეუცვლელ მოკავშირედ იქცა. ქართველები აშშ-სთან მეგობრობას ცალმხრივად არ იღებენ. მათი 90%-ზე მეტი აფასებს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს ჯარისკაცები ამაყად მსახურობენ ამერიკულ მისიებში ერაყსა და ავღანეთში.

ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გვჯერა, რომ აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების გათვალისწინებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის მთავარი ნაბიჯები იქნება შემდეგი: განთავსდეს ამერიკული შეიარაღებული ძალების მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში. ამგვარი პოლიტიკა შეიძლება, მოიცავდეს მოკავშირე ძალების (ევროკავშირი/აშშ) როტაციას, ასევე საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ამერიკელებისა და მოკავშირე ძალებისთვის შეუფერხებელი ოპერირება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამავე დროს, აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში აღმოფხვრის მყისიერ საფრთხეებს და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატო–ს წევრობასთან", - ნათქვამია წერილში.

მიმართვას ხელს აწერენ თავდაცვის ექს-მინისტრები ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი თედო ჯაფარიძე, ევროინტეგრაციის საკითხთა ექს-მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში გრიგოლ მგალობლიშვილი, ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი, ასევე ზვიად აძინბაია, ეკა აკობია, ირინა არაბიძე, ფიქრია ასანიშვილი, გიორგი ასტამაძე, ნატო ბოჩიაშვილი, გიორგი ბადრიძე, ზურაბ ბატიაშვილი, ზაზა ბიბილეიშვილი, ლევან ბოძაშვილი, ეთო ბუზიაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ჯაბა დევდარიანი, პაატა გაფრინდაშვილი, გიორგი გოგუაძე, თორნიკე გორდაძე, გიორგი გვალია, შოთა ღვინერია, გია ჯაფარიძე, თედო ჯორბენაძე, ნინო კალანდაძე, ნოდარ ხარშილაძე, ბექა კობახიძე, ბათუ ქუთელია, ხათუნა ლაგაზიძე, ეკა მეტრეველი, ხათუნა მშვიდობაძე, გიორგი მუჩაიძე, სოფო პეტრიაშვილი, თენგიხ ფხალაძე, მირიან ფოხაძე, ირაკლი ფორჩხიძე, დავით რაქვიაშვილი, გიორგი რუხაძე, თორნიკე შარაშენიძე, ვასილ სიხარულიძე, თორნიკე თურმანიძე, გელა ვასაძე და კახა გოგოლაშვილი.

მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები