
აფხაზეთში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა დაიწყო
16/11/2020 16:27:45 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საათობრივი განრიგი დაწესდა, დაიწყო ე.წ. მარაოსებრი გათიშვები.
ელექტროენერგია ჯამში 6 საათით, დღის განმავლობაში 2-2 საათით სამჯერ წყდება.
შესაბამის ბრძანებას “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ლოგუამ მოაწერა ხელი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაყვეტილება ელექტროენერგიის დეფიციტის წარმოშობის გამო იქნა მიღებული, რომელიც სადღეისოდ დღე-ღამეში 3 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. მისი წარმოქმნის მთავარ მიზეზად კი მასობრივი უკანონო მიერთებები სახელდება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზება მოახდინეს და მაინერების შეყვანა დროებით აკრძალეს.
ენგურჰესი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. სადგურის დადგმული სიმძლავრე 1300 მვტ-ს შეადგენს. კაშხალი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მართვის პულტი – აფხაზურ მხარეზე.