ევროპა აზერბაიჯანული გაზის მისაღებად ემზადება

16-11-2020 20:51:31 კავკასია

„გაზის სამხრეთ დერეფანის“ მშენებლობა დასრულებულია. იტალიურმა კომპანია Snam-მა ტრანსადრეატიკული გაზსადენი (TAR) ევროპის გაზის გამანაწილებელ სისტემას მიუერთა.

„მილსადენი, რომელიც სათავეს აზერბაიჯანში იღებს და იტალიაში სრულდება, სრულ მზადყოფნაშია", - განუცხადა აზერბაიჯანულ სააგენტო "Trend.az"-ს კომპანია SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იბრაჰიმ ახმედოვმა.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე ევროპა ამ გაზსადენით 10 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

„გაზის სამხრეთ დერეფანი“ TAR-სა და TANAP-ს აერთიანებს,რომლითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. წინასწარი პროგნოზით, TANAP-ის ამოქმედების შედეგად 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მლნ კუბური მეტრი) შედარებით, გაოთხმაგდება. მათ შორის, TANAP-ით (23 მლრდ კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო 1.15 მლრდ კუბურ მეტრ აირს, ანუ დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს მიიღებს. 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 1.5 მლრდ კუბურ მეტრამდე (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის) გაიზრდება, ხოლო 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები