ნიკოლ ფაშინიანი: “გადადგომას არ ვაპირებ”

16-11-2020 22:30:25 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იგი გადადგომას არ აპირებს.

«რაღა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ შექმნილ ვითარებაზე მთავარი პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია – ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა. სხვა საკითხი მასში არ არის», – განაცხადა ფაშინიანმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვის საპასუხოდ.

ფაშინიანმა სოციალურ ქსელში მისი ამასწინანდელი “პოსტიც” განმარტა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობისკენ, ძალადობისა და დაპირისპირებისკენ მოწოდებებით არ გამოსულა.

საუბარია პოსტზე, რომელმაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ტალღა გამოიწვია და რომელშიც პრემიერი, კერძოდ წერდა: «დღეს ათობით ვიდეო ვნახე წინა ხაზზე მყოფი ჩვენი სამხედროებისა. აღფრთოვანებული ვარ მათი გამჭრიახობით. ბიჭებო, მართლები ხართ. გელოდებით ერევანში, რათა საბოლოოდ გადავწვიტოთ კელდებთან მოწკავწკავეთა საკითხი. ვამაყობ თქვენით».

ონლაინ-კონფერენციის მსვლელობისას ფაშინიანმა განმარტა, რომ სამხედროებს ელის პირადი შეხვედრისთვის, რათა მათმა მონათხრობმა გააქარწყლოს საზოგადოებაში მოარული ხმები “ღალატის” თაობაზე.

«ამ დღეებში მთავრობას რაღაც ბნელ სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. სამხედროებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, ყველაზე უკეთ იციან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები. ბევრ მათგანს ჩემთან შეხვედრა სურს და მეც ველი მათ დაბრუნებას, რომ შევხვდე», – განმარტა ფაშინიანმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტიდან სამხედროები იარაღით არ ბრუნდებიან, ასე, რომ ზოგიერთების შეფასებები, თითქოს პრემიერი მოქალაქეებს დაპირისპირებისა და ძალადობისკენ მოუწოდებს, სრულიად უსაფუძვლოა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები