
ბიბილოვი: «სადაც რუსეთს ფეხი შეუდგამს, ყველგან განვითარებაა: სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სირიაში»
17/11/2020 09:58:53 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის აზრით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანა “მწვავედ აუცილებელი” იყო.
«ცალსახად: რომ არა რუსეთის ჩარევა, ყარაბაღელ ხალხს გაცილებით უფრო დიდი, გამოუსწორებელი დანაკარგის განცდა მოუწევდა», – განაცხადა ბიბილოვმა გაზეთისთვის «Южная Осетия» (“სამხრეთ ოსეთი”) მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, მისი აზრით, მთიანი ყარაბაღის მოვლენები და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები «სამხრეთ ოსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს»:
«სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარებული სახელმწიფოა, რომლის უსაფრთხოების გარანტი რუსეთია. რუსეთთან შეთანხმებაში ცალსახადაა გაწერილი, რომ ერთ მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმას ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ეს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებად შეფასდება და ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება. რაც შეეხება საქართველოს აქტივიზაციას, თქვენ იცით, რომ საქართველო არ შეიცვლის დამოკიდებულებას სამხრეთ ოსეთის მიმართ, სანამ ხელისუფლებაში არ მოვლენ ადამიანები, რომლებიც როგორც პოლიტიკურ, ისე გეოგრაფიულ ვითარებას რეალურად შეაფასებენ, ისევე, როგორც ერის უფლებას თვითგამორკვევაზე”.
ჟურნალისტმა ბიბილოვს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებაც სთხოვა: «რას უნდა ველოდოთ ჯო ბაიდენისგან, თუ მის გამარჯვებას სასამართლო დაადასტურებსო?». ბიბილოვმა კი აღნიშნა, რომ «ბაიდენი ცალსახად უფრო რადიკალურია რუსეთის მიმართ»:
«ბაიდენი ამერიკელი პოლიტიკოსების იმ წრიდანაა, რომელიც ყოველთვის რაღაც რადიკალური ნაბიჯების მომხრეა რუსეთისა და მისი მოკავშირეების, ანუ მათ წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ამერიკის პოლიტიკას. თუმცა შეხედეთ მაგალითებს: სადაც არ უნდა შესულიყო ამერიკა სამშვიდობო მისიით ან სხვა მიზნებით, იქ ყოველთვის ომია, ქაოსია, მკვლელობებია, ტერაქტებია – სირია, ლიბია, ირანი, ერაყი, ვიეტნამი, დარტყმები იუგოსლავიაზე, ხოლო სადაც რუსეთი შესულა სამშვიდობო მისიით, იქ ყველგან განვითარებაა, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სირიაში. აშშ თავს ესხმის ან შედის იქ, სადაც არის რესურსები და ტერიტორიას მათგან ცლის. აიღეთ ავღანეთი. დიახ, სსრკ იბრძოდა, მაგრამ აშენებდა სკოლებს, გზებს და ა.შ. და რა გააკეთა ამერიკამ? - შევიდა და აგრძელებს ნგრევას, არაფრით დაეხმარა, იარაღის გარდა – «ხოცეთ ერთმანეთი, ჩვენ კი ამაში დაგეხმარებითო», – აი, ასეთია აშშ-ის პოლიტიკა», – განაცხადა ბიბილოვმა.