
ოპოზიციის ნაწილი: "ოცნებასთან" დებატი კრიზისს ვერ განმუხტავს, თუმცა მზად ვართ"
17/11/2020 10:09:01 საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასთა"ნ დებატებისთვის მზად არის, თუმცა ამბობს, რომ ეს სიტუაციას ვერ განმუხტავს.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს გამართავს.
"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ კლოუნებთან, მდინარაძესთან, კობახიძესთან დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, ამას განმუხტავს ახალი არჩევნები, "ევროპული საქართველო" ყოველთვის მზად ვართ ივანიშვილის გარემოცვასთან დებატებისთვის და თავად მასთანაც, შანსი რომ ყოფილიყო. მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტში ამას ვაკეთებდით და ამ დებატების შედეგებს ყველა ხედავდა. მარტო ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და ჩვენ ოპოზიციურ კოლეგებთან გვექნება ამაზე კონსულტაციები, ისინი როგორ უყურებენ ამ საკითხს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილიც აცხადებს, რომ მისი პარტია მზადაა, "ოცნების" წევრებთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა:
"პარტია "მოქალაქეები" მზადაა, დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ".
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას დებატები გუშინ შესთავაზა.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.