“აფხაზური რკინიგზის ამოქმედება რეალურია, ისევე, როგორც ის, რომ აფხაზეთი რუსეთ-თურქეთის პაექრობის პლაცდარმად იქცეს”

17-11-2020 20:11:09 კონფლიქტები

პოლიტოლოგი, კავკასიის საკითხთა სპეციალისტი ავრაამ შმულევიჩი (ისრაელი) – იმის შესახებ, რატომ და ვისთვის გახდა განსაკუთრებით აქტუალური ყარაბაღის II ომის დასრულების შემდეგ ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხი და რამდენად რეალურია მისი დადებითად გადაწყვეტა.

ყარაბაღიდან დევნილი სომხების აფხაზეთში ჩასახლება

  • ვინ ჰკითხავთ აფხაზებს?

შმულევიჩის აზრით, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აფხაზური მხარის პოზიციას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან "აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამას არ წყვეტს":

"რუსეთი ხომ სადღეისოდ სრულად აკონტროლებს აფხაზეთს (აფხაზური ჯარი, როგორც ასეთი, არ არსებობს - თავდაცვის მინისტრი თუ აფხაზია, მთავარსარდალი რუსია, აფხაზური ჯარი კომპლექტდება რუსი კონტრაქტორებით, აფხაზური სპეცსამსახურები მთლიანად მოსკოვის, კერძოდ ФСБ-ს კონტროლს ექვემდებარებიან და ა.შ.). ასე, რომ აფხაზურმა მხარემ რომც არ მოისურვოს, ის წინააღმდეგობას უბრალოდ ვერ გასწევს".

  • რატომ აწყობს ეს რუსეთს?

შეიძლება თუ არა, აფხაზეთში სომხების ჩასახლებით დაინტერესებული იყოს რუსეთი? შმულევიჩის აზრით, ეს ასეა და მეტიც, მოსკოვს ამ მხრივ რამდენიმე ინტერესიც კი აქვს:

1. რუსეთი დაინტერესებულია სატრანსპორტო ხაზების კონტროლით:

“ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება აწყობს მოსკოვსაც და

შესაძლოა, აწყობდეს ანკარასაც”

"გავრცელებულია შეხედულება, თითქოს საქართველოს სადღეისოდ რუსეთი აკონტროლებს ქვეყნის სათავეში “გაზპრომის” უმსხვილესი მინორიტარული აქციონერის – ივანიშვილის დაყენებითა და მისი წყალობით საქართველოს მთელი მმართველი ელიტის კონტროლით. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ყარაბაღის II ომის დროს ყველამ ვნახეთ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვან საკითხში – საქართველოს ტერიტორიის გავლით [სამხედრო ტვირთების – რედ.] ტრანზიტში - თბილისმა პოზიცია არ დათმო და ქვეყნის საჰაერო საზღვრები ჩაკეტა. ამდენად, საკითხი, რომელიც ადრეც არაერთგზის წამოჭრილა – აფხაზეთის ტერიტორის გავლით სომხეთისკენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ძალზე ხელსაყრელი იქნებოდა მოსკოვისთვის" - განმარტავს შმულევიჩი.

რაც შეეხება ქართული საზოგადოების მოსალოდნელ პროტესტს, პოლიტოლოგი მიუთითებს მოსკოვის დიდ გამოცდილებაზე, მისთვის საჭირო საკითხები საზოგადოებრიობის "თვალის ასახვევად" შესაბამისად "შეფუთოს":

"რუსეთს საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა სატრანსპორტო ხაზებზე (მაგალითად, მანჯურია-ჩინეთის, ან იგივე საქართველოს სამხედრო გზაზე) კონტროლის დამყარების და იცის, როგორ “შეფუთოს” ეს ადგილობრივი მოსახლეობის (მაგალითად, ქართველების) მოსალოდნელი პროტესტის ჩასაცხრობად: ეს შეიძლება, გაკეთდეს რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებით, რკინიგზისთვის რაიმე საერთაშორისო სტატუსის მინიჭებით – ვთქვათ, ამ საქმეში სომხეთის ან თურქეთის "ჩართვით" და ა.შ., ისე, რომ ამ ხაზზე ტვირთების გადაზიდვა ქართველი მესაზღვრეების კონტროლის გარეშე წარმოებდეს".

როგორც შმულევიჩი განმარტავს, ამით რუსეთი მიიღებდა გარანტირებულ წვდომას სომხეთზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. და ამ თვალსაზრისით აფხაზეთში (სადაც ისედაც საკმაოდ დიდი სომხური დიასპორაა) სომხური მოსახლეობის ერთბაშად მნიშვნელოვნად გაზრდა კარგი ბერკეტი იქნებოდა რკინიგზის საკითხის დადებითად გადაწყვეტის მისაღწევად.

ამასთან, მისი აზრით, ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება შეიძლება, ხელსაყრელი იყოს თურქეთისთვისაც, რადგან "თუ გაიხსნება დერეფანი ნახჭევანის გავლით, გამოვა, რომ თურქეთი სატრანსპორტო ხაზ “ჩრდილოეთ-სამხრეთის” (უმოკლესი გზა ჩრდილოეთის - სამხრეთთან, აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად) დასაწყისშია (შემდეგ წამოვა აზერბაიჯანი-ნახჭევანი და რუსეთი), ანკარას კი, როგორც ცნობილია, პრეტენზია აქვს, იყოს ერთგვარი სატრანსპორტო ჰაბი და ამ თვალსაზრისით, მისთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა ე.წ. აფხაზური რკინიგზის ამოქმედება.

2. მეორე მიზეზი რუსეთისთვის არის წინააღმდეგობის გაწევა თურქეთისთვის, რომელიც ახლა შავი ზღვის რეგიონში აქტივობას ზრდის:

როგორც შმულევიჩი განმარტავს, მანამდეც ცნობილი იყო, ყარაბაღის II ომმა კი საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ თურქეთმა განდევნა რუსული გავლენა აზერბაიჯანიდან და მოსკოვს ამჟამად თავისი გავლენის აღსადგენად არანაირი ხელშესახები ბერკეტი არ გააჩნია (2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი – ეს ის ბერკეტი არ არის, რომელმაც შეიძლება, აზერბაიჯანზე ამჟამინდელი მასშტაბის თურქული გავლენა გაანეიტრალოს). ამასთანავე, უკვე ნათელია, რომ გაიზრდება თურქეთის გავლენა თბილისზეც და ზოგადადაც, თურქეთი ამიერკავკასიაში აქტიურდება (არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის გეგმა შავ ზღვაზე გაზის საბადოების ათვისების თაობაზე და სხვ.). "თურქეთს გააჩნია ბერკეტები, მათ შორის, აფხაზეთზე ზემოქმედებისთვისაც (ეს არის, უპირველესად, აფხაზური დიასპორა თურქეთში, ასევე ის გარემოება, რომ თურქეთი რუსეთის შემდეგ მეორე სავაჭრო პარტნიორია აფხაზეთისთვის) და ამმხრივ აფხაზეთში უკიდურესად ანტითურქულად განწყოფილი სომხების დამატებითი რაოდენობის გამოჩენა რუსეთისთვის სოხუმზე თურქული გავლენის კომპენსირების ერთგვარი შესაძლებლობა იქნებოდა" - თვლის პოლიტოლოგი.

საკითხის არსის უკეთ განსამარტად იგი შეგვახსენებს, რომ აფხაზეთში სომხური დიასპორა რაოდენობრივად, სოხუმის ოფიციალური სტატისტიკით, მეორე ადგილზეა აფხაზების შემდეგ, ხოლო არაოფიციალური გათვლებით – აღემატება კიდეც აფხაზების რაოდენობას, მაგრამ სომხების ეკონომიკური “წონა” აფხაზეთში ძალიან დიდია, პოლიტიკურთან შედარებით – ყოველ შემთხვევაში, აშკარად არ შეესაბამება ეკონომიკურს. "რამდენ ხანს “მოითმენენ” იქაური სომხები ამ დისბალანსს – არავინ იცის. თავად აფხაზები კი რუსეთის მიმართ საკმაო ჭირვეულობას იჩენენ: ერთის მხრივ, არ არიან წინააღმდეგნი მოსკოვისგან სხვადასხვა სიკეთეების მიღებისა, მაგრამ ამავდროულად მისგან დამოუკიდებლად მოქმედება სურთ. ამ თვალსაზრისით, რუსეთი შესაძლოა, დაინტერესებული იყოს სომხების დამატებითი რაოდენობის ჩასახლებითა და იქაურ მოსახლეობაში მათი წილის კრიტიკულ უმრავლესობამდე გაზრდით აფხაზურ ელიტაზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტის მოსაპოვებლად. და ცხადია, ეს “ახალი” სომხები მთლიანად რუსეთზე იქნებიან ორიენტირებულები და არა აფხაზეთზე" - განმარტავს შმულევიჩი.

რატომაა ეს ხელსაყრელი სომხეთისთვის?

გარდა ამისა, მისი აზრით, აფხაზეთში სომეხი დევნილების ჩასახლების ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს სომხეთსაც: ერევანი ხომ უკვე შეეჩეხა და უახლოეს ხანებში კიდევ უფრო მეტად შეეჩეხება დევნილების ტალღის პრობლემას.

"პრინციპში, ყარაბაღელი დევნილების რაოდენობა ჯამში არც ისე დიდია – დაახლოებით 100 000, მაგრამ სომხეთისთვის - მის ამჟამინდელ მდგომარეობაში (ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს დღეშია) ეს მაინც დიდი პრობლემა იქნება: უკვე ვკითხულობთ კიდეც სხვადასხვა გამოცემებში, რომ სომხეთში ჩასულ დევნილებს არანაირ ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებას არავინ უწევს და ისინი იძულებულები არიან, თავისი სახსრებით იქირავონ საცხოვრისი" - განმარტავს პოლიტოლოგი.

************

შეჯამების სახით შმულევიჩი ამბობს, რომ აფხაზეთში სომეხი დევნილების ჩასახლება სრულიად შესაძლებელია:

"ეს პროცესი დაწყებულიც კია, როგორც ვიცი. ჩსახსლება შეიძლება, სტიქიურადაც კი მოხდეს (ამ დევნილებს ხომ ახლა გასაქცევი მართლაც არსად აქვთ - სომხეთის მხრიდან მათთვის დახმარების რაიმე პროგრამა ჯერ-ჯერობით არ ჩანს), მაგრამ თუ სტიქიურად არა, ეს გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთსაც აწყობს და შესაძლოა, თურქეთსაც".

რამდენ ხანს გაგრძელდება აფხაზეთის “დამოუკიდებლობანა” და რატომ არის უმოქმედო თბილისი?

თავად აფხაზეთში ბოლო პერიოდში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და მისი “ხელისუფლების” რიგმა სხვა წარმომადგენლებმა თბილისთან დიალოგზე დაიწყეს საუბარი და ამავდროულად, რიგ საკითხებში ჯერ კიდევ ცდილობენ მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა კრიზისის ფონზე აგრძელებენ მისგან დახმარების თხოვნას. როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს “დამოუკიდებლობანას” ეს თამაში? შმულევიჩის აზრით – უსასრულოდ:

"თბილისი თითქოს შეეგუა აფხაზეთის ოკუპაციას"

"ეს არ დასრულდება, სანამ თურქეთი ან სხვა სერიოზული ძალა არ ჩაერთვება საქმეში და რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხს არ დააყენებს. მაგრამ ამისთვის უპირველესად, თბილისის სათანადო აქტიურობაა საჭირო – თბილისი უნდა იყოს თამაშში მესამე ძლიერი მხარეების ჩართვის ინიციატორი. საქართველოს ხელისუფლება კი ამ მიმართულებით სრულ პასიურობას იჩენს: სადღეისოდ აფხაზეთის გამო რუსეთის მიმართ არანაირი სანქციები, ზოგადად არანაირი ზეწოლა არ არის - თავად ქართული დიპლომატია პრაქტიკიულად არაფერს აკეთებს ამისათვის, რიტუალური ნაბიჯების გარდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო შეეგუა აფხაზეთის ოკუპაციას და ან არ სურს, ან არ ძალუძს არაფრის გაკეთება! შევადაროთ, მაგალითად, სანქციები, რომელიც რუსეთის მიმართ ყირიმის საკითხის გამო დაწესდა და ის შეზღუდვები, რომელიც მოსკოვის მიმართ აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაციის გამოა შემოღებული: დიახ, თავად დასავლეთმა საკმაო ლოიალობა გამოიჩინა საქართველოს საკითხში რუსეთის მიმართ, მაგრამ არის კი ეს ამ ვითარებაში გასაკვირი? - დასავლეთი მხოლოდ იმ ქვეყნების ბედით “თამაშობს”, რომლებიც მას ამის შესაძლებლობას აძლევენ, დასავლეთი არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აპირებს ბრძოლას და არც უკრაინის. აი, ქართულ დიპლომატიას კი ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო, მით უფრო, თუ აცნობიერებს, რომ თავად თბილისის გარდა, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია დიდად არავის სჭირდება” - განმარტავს შმულევიჩი.

ამ ვითარებაში, მისი აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა თავად რომელიმე ძლიერი მოთამაშე, თუნდაც თურქეთი, რაღაც ეტაპზე, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთზე ზეწოლას. ხოლო თუ ეს არ მოხდება, სტატუს-ქვო შეიძლება, განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნდეს:

“თავად რუსეთმა ეს შეიძლება, უსასრულოდ გააგრძელოს - მისთვის ხომ აფხაზეთი რაიმე ხელშესახებ ეკონომიკურ ტვირთს არ წარმოადგენს. ხოლო თუ აფხაზები მისი კონტროლიდან გასვლას და თბილისთან რაღაც სეპარატული მოლაპარაკებების წარმოებას მოისურვებენ, რომელიც ბჟანიას გუნდის წარმომადგენლებმა ახსენეს, მოსკოვი აფხაზებს უბრალოდ ფინანსურ “ონკანს” გადაუკეტავს (უკეტავს კიდეც უკვე). თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თბილისის მხრიდან ვერც ამგვარი მოლაპარაკებების ჟინი და მზაობა შეინიშნება”.

ბაქოს წარმატებული მაგალითი თბილისისთვის

აფხაზეთის კონტექსტში თბილისის უმოქმედობაზე საუბრისას შმულევიჩს ყარაბაღის ომისთვის ყოველმხრივი მზადების წარმატებული აზერბაიჯანული მაგალითი მოჰყავს და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ თურქეთი ამ ომში ჩაბმით თავად ბაქომ დააინტერესა:

“იგივე ყარაბაღის ვითარებასთან რომ გავავლოთ პარალელი, დიახ, აზერბაიჯანს ჰყავდა ძლიერი პარტნიორი თურქეთის სახით, მაგრამ აზერბაიჯანი მხოლოდ თურქული გავლენის ქვეშ როდი იყო! მეორეც, იმისთვის, რომ ძლიერი პარტნიორი გაგიჩნდეს ტერიტორიების დასაბრუნებლად და ის რეალურად აამოქმედო ამ მიმართულებით, საჭიროა დაუღალავი შრომა და დიდი ძალისხმევა. თავად აზერბაიჯანი – პარტნიორის გარეშე ძალიან ბევრს აკეთებდა არა მარტო დიპლომატიური კუთხით, არამედ სამხედრო მომზადების თვალსაზრისით (ყარაბაღის მეორე ომმა გვიჩვენა, მაგალითად, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები – იგივე С-300 სრულიად უსუსურია აზერბაიჯანის მიერ შეძენილი თანამედროვე ებრაული შეიარაღების (თუნდაც უპილოტოების) მიმართ. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანი ისრაელის გარეშე ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ ებრაულმა თანამედროვე იარაღმა უდავოდ მნიშნელოვანი როლი შეასრულა). მთავარი კი ისაა, რომ თავად ბაქომ აიძულა ანკარა, კონფლიქტში მის მხარეს გამოსულიყო: გავიხსენოთ, მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში ისეთივე იყო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის – “კი, აუცილებლად”, მარამ რეალურად – არაფრის კეთება, არავითარი სანქციები სომხეთის მიმართ (მათ შორის – თურქეთის მხრიდან) არ ყოფილა. მაგრამ როდესაც თურქებმა დაინახეს ბაქოს მხრიდან რეალური სურვილი, სწრაფვა ამ ტერიტორიების გათავისუფლებისაკენ, როდესაც დაინახეს, რომ ალიევმა რეალურად ააშენა ჯარი თურქული დახმარებით, მაგრამ თავისი ინიციატივითა და ფულით, როდესაც ანკარა დარწმუნდა, რომ აზერბაიჯანი მართლაც მძლავრი ძალაა, რომელსაც შეიძლება, დაეყრდნო შენი გავლენის განსავრცობად და როდესაც, ვფიქრობ, ამოქმედდა ზეწოლის რაღაც არაოფიციალური ბერკეტებიც აზერბაიჯანისა თურქეთის მმართველ ელიტაზე (ალბათ დიპლომატიურიც, ფინანსურიც – მაგალითად, ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ფინანსებს დებს თურქულ პრესაში, რათა მოახდინოს თურქეთის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ანუ ალიევი კი არ ელოდა, როდის შეიყვარებდნენ თურქები აზერბაიჯანელებს, არამედ თავად ახდენდა აქტიურად აზერბაიჯანის სასარგებლოდ თურქული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას), - აი, ამ ყველაფრის ფონზე მიიღო ანკარამ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის საქმეში მხარი დაეჭირა”.

სად შეიძლება, ველოდოთ და უნდა ველოდოთ თუ არა თურქეთის შემდგომ ნაბიჯს?

დაახლოებით ერთი წლის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. გაყინული კონფლიქტები უნდა გადაიჭრას და ამ კონტექსტში ყარაბაღთან ერთად ყირიმი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც ახსენა. ერთ წელიწადში მოხდა ყარაბაღის მეორე – 44-დღიანი ომი. შესაძლებელია თუ არა, ერდოღანის იმ განცხადებიდან გამომდინარე, ველოდოთ თურქეთის ჩართვას სხვა კონფლიქტების მიმართულებით? შმულევიჩი ამას არ გამორიცხავს, მაგრამ არა ერდოღანის ხსენებული განცხადებიდან გამომდინარე:

“უნდა გვესმოდეს, რა არის თურქეთი, რა არის ოსმალეთის იმპერია (ერდოღანი ხომ, მათ შორის, ოსმალეთის დიპლომატიის აღორძინებას ცდილობს) და შესაბამისად, რამდენად სანდოა თურქული მხარის განცხადებები – ეს ხომ ისტორიიდან კარგად ვიცით. მხედველობაში მაქვს თურქეთის, ასე ვთქვათ, დიპლომატიური ლავირების კულტურა. მაგალითად, სიტყვიერად, თურქეთი ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგია, მაგრამ ყირიმელი თათრების ფაქტორის მიუხედავადაც კი, საქმეში ამ დრომდე არ ჩარეულა. ამასთანავე, თურქული კომპანიები მუშაობენ აფხაზეთშიც, ყირიმშიც და ერდოღანს ეს ხელს სულაც არ უშლის... ასე, რომ, როცა თურქეთს სჭირდება, იგი იყენებს შესაბამის ბერკეტებს და ასე გააგრძელებს მომავალშიც, სხვა შემთხვევაში კი ის ერთს იტყვის და მეორეს გააკეთებს – როგორც ყირიმის შემთხვევაში. ახლა, როცა თურქეთს ინტერესი გაუჩნდა შავი ზღვის რეგიონში (უპირველესად, გაზის საბადოები) და გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი პრაქტიკულად მოწინააღმდეგეები არიან ლიბიასა და სირიაში (სადაც ისინი სხვისი ხელით ეომებიან ერთმანეთს), თუკი ერდოღანი საჭიროდ ჩათვლის რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, მან შესაძლოა, ეს ბერკეტები – იგივე ყირიმის საკითხიც გამოიყენოს. ხოლო თუ არ მოინდომებს, არ დასჭირდება, ის ამას არ გააკეთებს. ვფიქრობ, თურქეთმა თეორიულად, შეიძლება, გამოიყენოს აფხაზეთიც რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად, თუ ამის სურვილი გაუჩნდება. და სომეხი დევნილების თემა ამ კონტექსტშიც შეიძლება, იქნას გამოყენებული - თავად აფხაზეთზე თავისი გავლენის გასაზრდელად და არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთლიანად კავკასიაში საზოგადოებრივი აზრის თურქეთის სასარგებლოდ ფორმირებისთვის (ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ხომ ყველამ დაინახა, რომ თურქეთი – ეს რეალური ძალაა, რომელსაც შეიძლება, დაეყრდნო)”.

მაგრამ აი, მოიმდომებს თუ არა თურქეთი ამ ყველაფერს – ეს, შმულევიჩის აზრით, ძალზე რთულ, მრავალშრიან თამაშზეა დამოკიდებული, რომელსაც ერდოღანი პუტინთან აწარმოებს:

“ეს არის, ერთის მხრივ, წინააღმდეგობა, მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და გარდა ამისა, თურქეთი მუდმივად იყენებს რუსეთის “კარტს” დასავლეთთან (ნატო-სთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან) თამაშში. როგორ გაგრძელდება რუსეთთან თურქეთის ეს თამაში – არ ვიცით და ეს ალბათ, ჯერ არც თავად ერდოღანმა იცის. გარკვეულწილად ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები ყარაბაღში. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან ამ ეტაპზე მეტისმეტად ბევრი კითხვის ნიშანია ყარაბაღის ირგვლივ მიღწეული შეთანხმების ტექსტშიც კი და შესაბამისად, იმ მოვლენებთან მიმართებაშიც, რომელიც ყარაბაღში შეიძლება, განვითარდეს. იმასაც კი ვერ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კვირაში ან წელიწადში ეს კონფლიქტი ისევ გაჩაღდეს – ისევე, როგორც ახლაც მოულოდნელი იყო ბევრისთვის თავად ყარაბაღის მეორე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაც და მისი ასეთი შედეგებიც. ".

"ყარაბაღი შესაძლოა, მხოლოდ პირველი რაუნდი აღმოჩნდეს და

აფხაზეთი რუსულ-თურქული დაპირისპირების ერთ-ერთ პლაცდარმად იქცეს"

თუმცა ყველა შემთხვევაში, მისი აზრით, თურქეთი შეეცდება, გააგრძელოს გავლენის ზრდა როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონში, ამდენად, ყარაბაღი შესაძლოა, მხოლოდ პირველი რაუნდი აღმოჩნდეს - შემდგომში სხვაგანაც განვითარდეს გარკვეული მოვლენები და სრულიად შესაძლებელია, აფხაზეთი რუსულ-თურქული დაპირისპირების ერთ-ერთ პლაცდარმად იქცეს:

"ეს დამოკიდებულია, მათ შორის, სომხებზეც: თუ ისინი მართლაც მასობრივად ჩასახლდებიან აფხაზეთში, მაშინ ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დინამიკაზე და ეს, როგორც უკვე ვთქვი, სრულიად რეალურია.მით უფრო, რომ თავად სომხეთშიც არაპროგნოზირებადია ვითარება (ვიცით, რომ იყო ფაშინიანის მკვლელობის მცდელობა და ეს რომ მომხდარიყო, შესაძლოა, მიღწეული შეთანხმების გადახედვის საკითხი დამდგარიყო რომელიმე ძალის მხრიდან დღის წესრიგში). ასე, რომ ჯერ-ჯერობით ძალიან ბევრი უცნობია განტოლებაში, თუმცა აფხაზეთი, მაღალი ალბათობით, “თამაშში იქნება”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები