
პუტინმა ბჟანიას ე.წ. აფხაზური რკინიგზის ამოქმედების საკითხი დაუყენა
17/11/2020 18:08:22 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ სოჭში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას ე.წ. აფხაზური რკინიგზის აღდგენა-ამოქმედების საკითხი დაუყენა.
ის ფაქტო, რომ საკითხი შეხვედრაზე ნამდვილად იყო განხილული, თავად ბჟანიამ დღეს სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ „ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში ტრანზიტი შესაძლებელია”.
„უახლოეს პერიოდში ვითარება უფრო გამოიკვეთება, უფრო გასაგები გახდება და ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს. ვნახოთ, რა მოხდება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ“ , - განაცხადა ბჟანიამ და იქვე ისიც დასძინა, რომ “აფხაზეთი უნდა მოუფრთხილდეს და განავითაროს რუსეთთან ურთიერთობები”.
ცნობისთვის: მოსკოვს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სომხეთისკენ სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი ადრეც არაერთგზის დაუყენებია დღის წესრიგში, თუმცა როგორც თბილისი, ისე სოხუმი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.
"აქცენტის" სანდო წყაროს ინფორმაციით, პუტინმა ბჟანია სოჭის შეხვედრაზე ფაქტის წინაშე დააყენა და როგორც აღინიშნა, "საკითხის ქართულ მხარესთან შეთანხმებულია".
შეგახსენებთ იმასაც, რომ ყველაზე მეტად ე.წ. აფხაზური რკინიგზის აღდგენით მოსკოვის მოკავშირე ერევანი იყო დაინტერესებული, ყარაბაღის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი მისთვის ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა, ისევე, როგორც მოსკოვისთვის.