შესაძლო გართულებები COVID-19-ის შემდეგ: გერმანელი პაციენტის ისტორია

18-11-2020 15:59:21 ეს საინტერესოა

ჯერ-ჯერობით ნაკლებადაა შესწავლილი, რა გართულებებს შეიძლება, იწვევდეს COVID-19. DW-ს თანამოსაუბრე გერმანელი პაციენტი მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს.

29 წლის ვალერი გიზენს (Valerie Giesen) პარკში სკამზე დაშვებისას სუნთქვა უჭირს, არადა, სკამამდე სულ 800 მეტრი აქვს გავლილი. მსგავსი გასეირნება ძალას აცლის. პულსი აჩქარებული აქვს, გული გამალებით უცემს.

არადა, სულ რაღაც 8 თვის წინ ეს 800 მეტრი მისთვის სასაცილო მანძილი იყო არათუ სიარულით, სირბილით დასაფარადაც კი. კვირაში ორჯერ დადიოდა ცეკვაზე, ცურვაზე და ალპინიზმის სექციაში. ახლა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სიტყვებით "ავადმყოფობა დაძლია, მაგრამ ვერ გამოჯანმრთელდა" აღწერენ. ვალერიმ COVID-19 6 თვის წინ გადაიტანა, თუმცა უწინდელი ფიზიკური ფორმა ამ დრომდე ვერ აღიდგინა.

ქანცგამცლელი ავადმყოფობა

გიზენი მარტის ბოლოს დაინფიცირდა. "გულისცემა ამიჩქარდა, ძლიერ წნეხს ვგრძნობდი გულ-მკერდის არეში. მანამდე არასოდეს მქონია ასეთი შეგრძნება: აბსოლუტურად არაჯანსაღად ვგრძნობდი თავს", - იხსენებს ვალერი. ორი კვირის განმავლობაში საწოლიდან პრაქტიკულად არ ამდგარა. ძალაგამოცლილი იყო და ძლიერ ტკივილს გრძნობდა ფილტვების არეში. საპირფარეშოში გასვლაც კი იმხანად მისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენდა. "ამის შემდეგ დიდხანს მჭირდებოდა ძალების აღდგენა", - ყვება ვალერი.

იმხანად ახალგაზრდა ქალი კოპენჰაგენში ანთროპოლოგად მუშაობდა. გაზაფხულზე კოვიდ-ტესტი არ ჩაუტარებია, ვინაიდან სამეფოში არსებული ლაბორატორიების შესაძლებლობები შეზღუდული იყო. "დანიაში მაშინ პანდემიის პირველი ტალღა იყო და უბრალოდ მეშინოდა, კლინიკისთვის მიმემართა", - იხსენებს გიზენი. ივნისში, როგორც იქნა, ტესტირება ჩაიატარა და ანალიზმა SARS-CoV-2-ის ანტისხეულების არსებობა აჩვენა. ანუ, კორონავირუსი უკვე დაძლეული იყო.

დაავადების დაძლევის შემდეგ ვალერიმ კვლავ სრულიად ჯანსაღად იგრძნო თავი. საზაფხულო შვებულების დროს ველოსიპედით კოპენჰაგენიდან მშობლიურ ბერლინამდე 400 კილომეტრიც კი გაიარა და თავშიც არ მოსდიოდა, რომ უკვე დაძლეული დაავადება თავს შეახსენებდა.

თუმცა აგვისტოს ბოლოს სწორედ ეს მოხდა. ვალერი საველე ექსპედიციისთვის ემზადებოდა, როცა ნაცნობი სიმპტომები იგრძნო. კვლავ გაუჭირდა სუნთქვა, კვლავ გამოეცალა ძალა და კვლავ გრძნობდა სიმძიმეს გულ-მკერდის არეში.

სუნთქვისა და კონცენტრაციის პრობლემები

"თავს ძლივს ვწევდი. ამ სიმძიმეს მუდმივად ვგრძნობდი", - იხსენებს ვალერი. მეზობლები მუდმივად ეხმარებოდნენ იმ რთულ პერიოდში: უმზადებდნენ საჭმელს, მოჰქონდათ პროდუქტები. მაგრამ ვალერი ამ ვითარებას რთულად ეგუებოდა.

უკვე 8 კვირაა, ახალგაზრდა ქალი ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ებრძვის. ამ დროის განმავლობაში იგი კოპენჰაგენიდან ბერლინში დაბრუნდა და კვლავ მშობლებთან ცხოვრობს. "დანიაში არ ვიცოდი, შემდეგ რა მომემოქმედა", - ამბობს ვალერი. კოპენჰაგენში მკურნალი ექიმი ვერ დაეხმარა, თუმცა ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს. "უკვე შემიძლია, გამართული ვიჯდე და მიყოლებით ორ-სამ წინადადებაზე მეტი წარმოვთქვა", - ყვება ვალერი.

წინასწარი დიაგნოზი – "პოსტკოვიდური დაუძლურება"

ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ვალერიმ რამდენიმე ანალიზი ჩაიტარა. გულის შემოწმებამ ვერანაირი პათოლოგია ვერ გამოავლინა, ისევე, როგორც ფილტვების. ამ დროისთვის დასმული დიაგნოზი ასე ჟღერს: "პოსტკოვიდური დაუძლურების სინდრომი". წინასწარი სამედიცინო მონაცემების მიხედვით, ეს ნიშნავს დაუძლურებას, რომელიც არ გადის, ასევე ინფიცირების შეგრძნების არსებობასა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას.

პირველი მცირე კვლევები, რომელიც იტალიასა და ირლანდიაში ჩატარდა, აჩვენებს, რომ კოვიდ-გადატანილი პაციენტების დიდი ნაწილი ფორმალური გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც გრძნობდნენ ძალის უქონლობას და უჭირდათ სუნთქვა. თუმცა მყარი წარმოდგენა კოვიდ-ინფიცირების შესაძლო გრძელვადიან შედეგებზე მეცნიერებს სადღეისოდ არ აქვთ.

ამასობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კოვიდ-ინფიცირების სიმპტომები შეიძლება, ჩნდებოდეს თვეების განმავლობაში ან დაბრუნდეს უკვე გამოჯანმრთელების შემდეგ – იმ შემთხვევებშიც კი, როცა პაციენტს დაავადება შედარებით მსუბუქ ფორმაში აქვს გადატანილი. ეს ეხება ახალგაზრდებსაც, რომლებიც რისკ-ჯგუფს არ განეკუთვნებიან, მათ შორის - ვალერისაც.

ამჟამად ახალგაზრდა ქალი კომპრესიულ წინდებს ატარებს და დღეში რამდენჯერმე წვება დასაძინებლად. ვალერის თქმით, ნებისმიერი მცირე ძალისხმევა მას ენერგიას აცლის და მის აღდგენას ძილით ცდილობს, თუმცა ხანდახან აღარც ეს შველის.

რჩევები კოვიდ-გადატანილთათვის ურთიერთდახმარების ჯგუფიდან

ვალერის სამზარეულოში, ერთ-ერთ თასში ინახება ვიტამინები და კურკუმის ჩაი. გვერდით, თაროზე ხილია და ბოსტნეული. ახალგაზრდა ქალი კვებას მკაცრად აკონტროლებს და რაც შეიძლება, მეტ პროდუქტს იღებს ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

ამ გზით იგი საკუთარი მდგომარეობის გამოსწორებას თავად ცდილობს – უპირველესად იმიტომ, რომ მედიცინისთვის ჯერ-ჯერობით ძალზე ცოტა რამ არის ცნობილი მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. სასარგებლო რჩევებს ამ სფეროში ვალერი ამერიკულ ონლაინ-ჯგუფში ეცნობა, რომელიც მოძრაობა Body Politic-ის აქტივისტების მიერაა ჩამოყალიბებული.

მესენჯერ Slack-ში ამ ჯგუფის რამდენიმე ათასი წევრი ერთმანეთს COVID-19-ის შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაციას უზიარებს. ვალერი ამ ჩატში ყოველდღიურად შედის. "ჩემთვის ეს საღამოობით ერთგვარი დამამშვიდებელი რიტუალია, რომლის წყალობით თავს მარტოდ არ ვგრძნობ", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

თავად ვალერი მუდმივად ამხნევებს ჯგუფის სხვა წევრებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ ყოველდღიურად უმჯობესდება. ახალგაზრდა ქალი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია დაეხმარება სხვა ადამიანებს, გააცნობიერონ, რა საფრთეებს შეიცავს კოვიდ-ინფიცირება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები