"პომპეოს ვიზიტი საქართველოსა და მისი პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის მკაფიო დადასტურება არის"

18-11-2020 15:20:21 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტი საქართველოსა და მისი პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის მკაფიო დადასტურება არის" , –ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს ვიზიტი არის ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას“, - განაცხადა კობახიძემ.

პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. ისინი 31 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები