
პუტინმა ყარაბაღზე საუბრისას “საქართველოს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებები” ახსენა
18/11/2020 16:41:12 კონფლიქტები
მთიანი ყარაბაღის არაღიარება, მათ - შორის სომხეთის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ სისხლისმღვრელი კონფლიქტის მსვლელობასა და აღქმას განაპირობებდა, - ამ “დასკვნამდე” მივიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეკომპანია «Россия 24»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ყარაბაღის კონტექსტში მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაც ახსენა:
«აქ პირდაპირ უნდა ითქვას: თავის დროზე, საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის ცალსახად დანაშაულებრივი ქმედებების (მხედველობაში მაქვს სამხრეთ ოსეთში ჩვენს სამშვიდობოებზე თავდასხმა) შემდეგ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ სამართლიანად ვაღიარეთ ყირიმში მცხოვრები ხალხის ნება და ადამიანების სწრაფვა, რუსეთში რეინტეგრირებულიყვნენ. ჩვენ გავითვალისწინეთ ადამიანების ეს სწრაფვა და ეს ღიად გავაკეთეთ. ეს შესაძლოა, ვინმეს მოსწონდეს, ვინმეს – არა, მაგრამ ჩვენ ეს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებში გავაკეთეთ, ასევე მთელი რუსეთის ინტერესებში და ამის ღიად თქმის არ გვერიდება».
ცნობისთვის: მთელი ცივილიზებული მსოფლიო საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ემიჯნება. მოსკოვის გარდა, ისინი 12 წლის განმავლობაში მხოლოდ კრემლის მიერ ხელდასმულმა/მხარდაჭერილმა რეჟიმებმა აღიარეს, ჯამში - ხუთიოდე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.