მოსკოვმა და ბაქომ “სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები” განიხილეს

19-11-2020 13:25:48 კონფლიქტები

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან სატელეფონო საუბრისას “სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები” განიხილა.

“საუბარი ეხებოდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს, სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირის ნორმალიზების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით. მხარეებმა ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს” – იუწყება რუსეთის მთავრობის პრეს-სამსახური.

  • აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია: «რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს ორივე მიმართულებით მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით. კონტროლს სატრანსპორტო კავშირზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორგანოები განახორციელებენ».
  • ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით შესაძლო სარკინიგზო ტრანზიტის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომმა «ძალიან ბევრი რამ შეცვალა და კიდევ შეცვლის», რომ მან პუტინთან ამ თემაზეც ისაუბრა, რომ “შესაბამისი პირობების შემთხვევაში ეს შესაძლებელია” და უახლოეს ხანებში მხარეები ამ საკითხს დაუბრუნდებიან. ამასთან, ბჟანიამ მიანიშნა იმაზე, რომ მოსკოვს თბილისისგან თახმობა უკვე მიღებული აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები