პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი ემატება

19-11-2020 13:22:09 ეკონომიკა

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება, რომელიც უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება – გრანტი ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

ნათია თურნავას თქმით, ახალი პროგრამის მთავარი მიზანი, პირველ რიგში, იქნება დასაქმება და ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, რადგან კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც უცხოელი ინვესტორები ასახელებენ.

მინისტრის განცხადებით, თანადაფინანსების ახალი შეთავაზება გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომლებიც მიეკუთვნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიძლება, შეიქმნას. ასევე შემდეგ დარგებზე: ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და სხვა.

„ეს არის ის დარგები, სადაც უცხოელი ინვესტორების მოზიდვის გზით შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი კომპონენტი, რომელიც დადებითად იმუშავებს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში, რომელიც ბევრ სხვა კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის დაბალი გადასახადები, არაკორუფციული გარემო, სტაბილური ეკონომიკური ვითარება, გამჭვირვალე პროცედურები და ნაკლები ბიუროკრატია. ეს კიდევ ერთი დამატებითი ფინანსური მექანიზმია, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ინვესტორებს, რომ საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარია რეგიონში“, – განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები