პუტინისგან ერთი მილიარდი დოლარი არა ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმს, არამედ სირიას შეხვდა

20-11-2020 10:00:22 ანალიზი

კორონავირუსის პანდემია გლობალური გამოწვევაა, თუმცა, განსაკუთრებულად ის მაინც უპასუხისმგებლო ხელისუფლებების პირობებში მცხოვრებ ადამიანებს აზიანებს. რუსეთი ამ მიმართულებით უპირობო ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს: დაუცველი სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ხელფასსაც ვერ უხდიან; დანგრევის პირას მყოფი სამედიცინო სისტემა; გაუმართავი ინფრასტრუქტურა; მედიკამენტების, დამცავი საშუალებების, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და პრეზიდენტი, რომელიც ხან ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გეგმებს სახავს, ხან კი, მასშტაბური ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საკუთარი მოქალაქეების ფულს სირიაზე გავლენის გაძლიერებისთვის ხარჯავს.

აღმოჩნდა, რომ რუსი მოქალაქეების ჯიბეებიდან თანხა სირიისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარებისთვის იხარჯება. როგორც რუსეთ-სირიის უწყებათაშორისი კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელი, მიხეილ მიზინცევი აცხადებს, ეს ფული ქვეყანაში ენერგეტიკული ქსელისა და ინდუსტრიული კომპლექსების აღდგენას მოხმარდება. მიზინცევი იმასაც ამბობს, რომ რუსები სირიელებს მუდმივად ეხმარებიან საგანმანათლებლო, სამედიცინო, სავაჭრო და ეკონომიკური პროგრამების განხორციელებაში.

ირონიულია, რომ ოფიციალური მოსკოვი სახლში პრობლემებს ვერ აგვარებს და სხვა ქვეყნებზე „ღელავს“. საინტერესოა ისიც, თუ რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც „დიდი ძმა“ განსაკუთრებულად ხელმომჭირნე გახდა, თანაც მაშინ, როდესაც რეგიონებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

ოკუპირებული აფხაზეთიც და ცხინვალიც გლობალური პანდემიის გამოწვევის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. ეს გასაკვირი არც იყო, რუსული ფული აქ, ძირითადად, სამხედრო ბაზების მშენებლობასა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის შენახვაში იხარჯებოდა, სამედიცინო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა ან სისტემა კი პუტინისთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა. ჩვეულებრივი ადამიანების ბედი რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში არ აღელვებს. ასე რომ, მიამიტური იქნებოდა მოლოდინი, რომ კრემლს რიგითი აფხაზებისა და ოსების მძიმე მდგომარეობა შეაწუხებდა.

თუმცა, რეალობა არ იცვლება, რუსეთის ფედერაცია ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ერთადერთი ძალაა და გარკვეულწილად ვალდებულიც არის, ის დაპირებები შეასრულოს, რომელსაც, ფულისგან განსხვავებით, ოკუპირებულ რეგიონებს გულუხვად აძლევდა.

როგორც ჩანს, გეოპოლიტიკური სურათი კრემლისთვის შეიცვალა და ახლა პრიორიტეტი სირიის საკუთარ ორბიტაზე შენარჩუნებაა. ოფიციალური მოსკოვი ფულს ხარჯავს, რომ პუტინის „შეფმზარეულმა“, ევგენი პრიგოჟინმა სირიის ნავთობისა და გაზის რესურსებით სარფიანად ისარგებლოს. ამასობაში, კერძო სამხედრო კონტრაქტორი კომპანია – „ვაგნერი“ პუტინის ბრძანებებს კვლავ ერთგულად შეასრულებს ისე, რომ რუსეთის ხელისუფლებაზე ოფიციალური პასუხისმგებლობის დაკისრება არ მოხდება. ყველა მოგებული რჩება რუსი მოქალაქეების, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობების გარდა. ისინი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ბედის ანაბარა მიატოვეს.

/ავტორი: რუსუდან თელია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები