"სირცხვილის დერეფნები" სამართალდარღვევაა, პოლიცია ნებისმიერ შემთხვევას აღკვეთს"

20-11-2020 11:54:37 სამართალი

შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე აცხადებს, რომ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურების დროს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ამომრჩევლებისთვის "სირცხვილის დერეფნების" მოწყობა არაკონსტიტუციურია და პოლიცია მსგავს შემთხვევებში გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, დანაშაულის აღსაკვეთად.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნების ორგანიზება", თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში", - აცხადებს საბანაძე.

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ აჭარაში, საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნების" მოწყობა იგეგმება.

ვაშალომიძის ინიციატივას არ იზიარებენ მისივე პარტიის ლიდერები – სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე. ამასთან, აღნიშნულ მოწოდებას მიუღებლად მიიჩნევენ შემდეგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და კოტე კემულარია.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ "თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ და ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს "სირცხვილის დერეფანში".

რაც შეეხება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს, მისი თქმით, "სირცხვილის დერეფნის" საკითზე პარტიას გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები