
"ელჩებს ავუხსენი, რომ შეუძლებელია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს"
20/11/2020 08:20:52 საშინაო პოლიტიკა
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ, მან ფასილიტატორებს აუხსნა, რომ "გაყალბებულ პარლამენტში ოპოზიცია ვერ შევა".
"ისინი გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რომ მიღებულ იქნას ისეთი ორმხრივი გადაწვყეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ, პრაქტიკულად, პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, რომელიც არის გაყალბებით არჩეული. ავუხსენი მათ, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას და ყველაფერს, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს და საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური კლასი მოკვდება", - ამბობს ბურჯანაძე.
ბურჯანაძის თქმით, "ერთადერთი კომპრომისული შეთავაზება ხელახალი არჩევნების დანიშნვა შეიძლება, იყოს".
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.