
მალაიზიაში მოხალისე სტუდენტთა ჯგუფი მიგრანტ ქალებს ინგლისურად წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლის
20/11/2020 10:10:17 მსოფლიო
მალაიზიაში მოხალისე სტუდენტთა ჯგუფი მიგრანტ ქალებს ინგლისურად წერა-კითხვას ასწავლის.
აღნიშნული ინიციატივა ორ სტუდენტ გოგოს ეკუთვნის, რომლებიც სამართალმცოდნეობას სწავლობენ. მათ სექტემბერში "ინსტაგრამში" შექმნეს ჯგუფი სახელწოდებით "ქალები ლტოლვილებისთვის". მოხალისე მასწავლებლების მსურველთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა და სადღეისოდ ჯგუფი 20 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი სტუდენტია.
მოხალისე მასწავლებელი კვირაში ორჯერ მიდიან საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც დაახლოებით მიგრანტთა 50 ოჯახია განთავსებული. ისინი მოსწავლეებს, რომელთა ასაკი 18–დან 50 წლამდე მერყევობს, 2–საათიან გაკვეთილს უსასყიდლოდ უტარებენ. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილებზე მოსწავლეებს პირბადეები უკეთიათ.
უფასო გაკვეთილზე დასწრება ყველა მიგრანტ ქალს შეუძლია, თუმცა ამჟამად მსურველები მხოლოდ მიანმარიდან და ინდონეზიიდან მალაიზიაში ჩასული მიგრანტი ქალები არიან.
როგორც "ქალები ლტოლვილებისთვის" ჯგუფის დამაარსებელი სტუდენტები – 23 წლის არისა ჯემაიმა იკრამ ისმაილი და 25 წლის დავინა დევარაჯანი აცხადებენ, მათი მიზანია მიგრანტ ქალებს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის შეუწყონ ხელი.
"ქალების უმეტესობა გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად მოდიოდა. მოზარდები გაკვეთილის სრულფასოვნად ჩატარებაში ხელს გვიშლიდნენ. აღნიშნულის შემდეგ გადავწყვიტეთ ბავშვებისთვის ცალკე კლასი შეგვექმნა და სადღეისოდ მოზარდებსა და მათ დედებს ცალ–ცალკე ვასწავლით. ჩვენ გვინდა, რომ მიგრანტ ქალებს დავეხმაროთ, ენის ცოდნის შედეგად გაიუმჯობესონ საჭირო უნარ-ჩვევები, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის გატანა და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა”, – აცხადებენ "ქალები ლტოლვილებისთვის" ჯგუფის დამაარსებელი სტუდენტები.