"ელჩებს ვუთხარი, რომ ყველა ვარიანტში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს"

20-11-2020 14:18:16 საშინაო პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშნვაა და სწორედ ეს პოზიცია გაუზიარეს მისი პარტიის წარმომადგენლებმა ელჩებს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ეს იქნება 45 დღეში თუ ეს იქნება გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - მე ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე", - აცხადებს ინაშვილი.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი აქვს, მას ხელახალი არჩევნების დანიშნვის არ უნდა ეშინოდეს.

"მე რომ ვიყო ხელისუფლება და ვიყო ასეთ პოლიტიკურ კრიზისში, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია, კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, მე არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს", განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ აქვს რამდენიმე ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს კრიზისიდან გამოსასვლელად, მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშნვის გზით.

"ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, რომ დაიდოს მემორანდუმი, სადაც ჩაიწერება, რომ მაგალითად გაზაფხულზე ინიშნება არჩევნები, მაშინ შეიძლება მუშაობა უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე. მე ვთავაზობ ქართულ ოცნებას: მე-9 მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა, მას შეუძლია ამის გაკეთება და ამ მე-9 მოწვევის პარლამენტს შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც და სხვათაშორის, შეიძლება მე-9 მოწვევის პარლამენტს გაუხანგრძლივდეს უფლებამოსილების ვადა და მან მიიღოს ეს ცვლილებები, ვარიანტები არის მეგობრებო", - აცხადებს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები