"ელჩებს პოლიტიკური კრიზისი აწუხებთ, ჩვენთან ერთად ეძებენ გამოსავალს"

20-11-2020 15:07:21 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"ელჩებს პოლიტიკური კრიზისი აწუხებთ, ჩვენთან ერთად ეძებენ გამოსავალს", – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ–ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მათ აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი და ეძებენ გზებს ჩვენთან ერთად ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად, მათ შორის, ქართულმა ოცნებაც უნდა იმუშაოს. გამოსავალი არის ის, რაც ჩვენ ვთქვით - ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩვენები გაყალბდა. გამოსავალი არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა აღრმავებს კრიზისს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები