სამადაშვილი განმარტავს, ოპოზიციის მიერ რა დათმობაზე წასვლა მიაჩნია მიზანშეწონილად

20-11-2020 15:27:43 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი განმარტავს, ოპოზიციის მიერ რა დათმობაზე წასვლა მიაჩნია მიზანშეწონილად.

მისი თქმით, შესაძლო კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა და მანამდე არჩევნებისთვის მოსამზადებლად ტექნიკური პარლამენტის შეკრება უნდა იყოს.

"განვმარტავ: შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივთან ერთად, მანამდე ტექნიკური პარლამენტის შეკრება, ქვეყნის არჩევნებისთვის მოსამზადებლად, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ა.შ. რომელიც პირველ გადაწყვეტილებად სწორედ ახალ არჩევნებს დანიშნავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის ის კომპრომისი, რაც მე პირადად მიმაჩნია შესაძლო დათმობად, რაც ქვეყანას გადაარჩენს კატასტროფას", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული განმარტება პოლიტიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილში მისმა წინა განცხადებამ გამოიწვია.

კერძოდ, სამადაშვილმა სოციალურ ქსელში მანამდე დაწერა, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი მოლაპარაკებების პროცესში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკეთესი საარჩევნო გარემოს მიღება უნდა ყოფილიყო:

"ქართული ოცნება დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით - მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს".

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები