ვაშაძე: "პარლამენტში ხელაღებით შესვლა შეთანხმების გარეშე არ განიხილება"

20-11-2020 17:10:33 საშინაო პოლიტიკა

"პარლამენტში ხელაღებით შესვლა შეთანხმების გარეშე არ განიხილება", – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლა შეთანხმების გარეშე, მე ამნაირ საკითხს არც კი განვიხილავ. არ ვიცი რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი, გარდა იმისა, რაც ჩვენ დავაყენეთ ოპოზიციურმა პარტიებმა. ხისტი პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე არც ერთი ადეკვატური წინადადება არ მომისმენია, რომ მე და ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს გადააფიქრებინოს პარლამენტში შესვლა/არ შესვლის საკითხი", – განაცხადა მან და დასძინა, რომ ელჩები მზარეებს კომპრომისებისკენ მოუწოდებენ, "თუმცა საკითხის გადაწყვეტის მექანიზმი უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ხელშია".

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები