
აზარტული თამაშების აკრძალვა, საპროცენტო განაკვეთის და მედიკამენტებზე ფასების შემცირება – თავდამსხმელის მოთხოვნები
20/11/2020 14:59:03 სამართალი
თავდამსხმელმა მძევლის - "ემბისი კაპიტალის" თანამშრომლის Facebook-ზე ლაივი ჩართო და თავისი მოთხოვნები წამოაყენა. ის პოლიტიკოსებისგან ითხოვს, პარლამენტში შეიკრიბონ და 3 მოთხოვნა შეასრულონ. კერძოდ, ეს მოთხვნებია:
- აზარტული თამაშების აკრძალვა;
- ბანკებმა სესხები წლიურ 7%–ში გადაიტანონ;
- დაიწიოს მედიკამენტების ფასებმა;
ვიდეოს მიხედვით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება და მას ხელში სავარაუდოდ, ხელყუმბარა უჭირავს.
შსს–ს ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ადგილზე ამ დროისთვის მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან.
როგორც ჟურნალისტებს "ემ ბი სი სი" -ში დასაქმებულის ახლობელმა, ნანა კუპრაძემ განუცხადა, მომხდარის შესახებ მედიისგან შეიტყო, მისი დისშვილი კი ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებია.
შსს-მ მედიასაშუალებებს მოუწოდა, შევწყვიტოთ პირდაპირი ჩართვები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და სამართალდამცავების სიცოცხლეს. უწყება ასევე მოუწოდებს მედიას, თავი შეიკავოს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.