„ეს იყო პერფორმანსი“ – ახალი დეტალები მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანის საქმიდან

21-11-2020 12:54:37 ადამიანი და კანონი

ეს იყო პროტესტის ფორმა – პერფორმანსი აზარტული თამაშების, საბანკო პროცენტების, გაძვირებული მედიკამენტების წინააღმდეგ,– ასე აფასებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირის – ლევან ზურაბაშვილის ქმედებას მისი ადვოკატები.

ადვოკატები დაკავებულს დღეს მოინახულებენ, მანამდე კი ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ ზურაბაშვილი აზარტული თამაშების მსხვერპლია და პროტესტი პირადი გამოცდილებითაც იყო ნაკარნახევი.

მათივე თქმით, ზურაბაშვილი არ ყოფილა შეიარაღებული. კერძოდ, მას თან მხოლოდ ხმოვანი პისტოლეტი და ხელყუმბარის მსგავსი სანთებელა ჰქონდა.

„მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა შავად შეღება. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მანამდე ჩვენ, პოლიციელებმა და იქ მყოფმა ადამიანებმა [მძევლებმა] იციან, რომ ეს არ იყო იარაღი. მას როგორც შეეძლო ისე – ამ ფორმით გააპროტესტა ის უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. მას არ ჰქონია იარაღი, არ ჩაუდენია ყაჩაღობა. მეტსაც გეტყვით, მოლარე გოგო გამოვიდა სალაროდან და მან სთხოვა, კარი დაეკეტა, რათა ვინმეს არ ეფქრა, რომ ამას რაიმე ფორმით თანხასთან ჰქონდა შეხება“,– განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის: პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს შეიჭრა და მძევლად ცხრა პირი აიყვანა. მან ერთ–ერთი მძევლის საშუალებით წამოაყენა მოთხოვნები, რომ აიკრძალოს აზარტული თამაშები, შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, მედიკამენტებზე კი – ფასები. ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მან მძევლები გაათავისუფლა, თავად კი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები