„არ ვიცით, ჩვენთვის პიკი არის 4 000, თუ შეიძლება, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს“

21-11-2020 18:33:43 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, ჯერ უცნობია, საქართველოსთვის პიკი დღეში კოვიდ–ინფიცირების 4 000 ახალი შემთხვევაა თუ მოსალოდნელია კიდევ ზრდა.

„შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია და ვუახლოვდებით 4 000-ს. საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, 4 000 არის ჩვენთვის პიკი, თუ შეიძლება, რომ კიდევ შემდეგი ზრდაც ვნახოთ. მაქსიმალურად ხდება პრევენციული ზომების მობილიზება და იმაზე საუბარი, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და სასტუმროების მობილიზებაც ხდება. შემდეგი სარეზერვო მოცულობა არის 7 000-მდე გაიზარდოს საწოლფონდი და მაქსიმალური, რაც შეიძლება სისტემამ დიდი დატვირთვით გაიაროს, ეს იქნება 8 000-მდე საწოლი, თუმცა ეს არის მაქსიმალური მობილიზების სქემაში. საქართველომ დამატებითი სივრცეების სახით გამოიყენა სასტუმროები, რაც ძალიან კომფორტული მოდელია. ამიტომ, ვფიქრობთ, სასტუმროში სერვისი მეტად განვითარებული გახდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ​ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 57 961 206 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 378 684 ადამიანი იმსხვერპლა. 40 151 892დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 100 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები