
უნგრელი კონდიტერი: "შობას ეპიდემიის პირობებში ვხვდებით და მოქალაქეებს მაგალითი სანტამაც უნდა მისცეს"
21/11/2020 18:30:50 მსოფლიო
უნგრელი კონდიტერი საშობაოდ ამზადებს შოკოლადის სანტებს, რომლებიც "მარციპანის" პირბადეებს ატარებენ.
"სანტას კორონავირუსის ეპიდემიის დროს მოუწევს მოსვლა. ვფიქრობ მას პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს, რადგან მოქალაქეებს მაგალითი სანტამაც უნდა მისცეს", – აცხადებს კონდიტერი ლასლო რიმოცი.
მისი თქმით, პირბადიან სანტებზე შეკვეთები მნიშვნელოვნად იზრდება.
იგი იმედოვნებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის იმდენად ხელმისაწვდომი გახდება, რომ მომავალი წლის შობისთვის პირბადიანი სანტების გაკეთება აღარ მოუწევს.
ცნობისთვის: მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 57 961 206 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 378 684 ადამიანი იმსხვერპლა. 40 151 892დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 100 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927გარდაიცვალა.