რეგიონში ცვლილებების ფონზე ამერიკელი ანალიტიკოსი თბილისს პორტების გაფართოებას ურჩევს

22-11-2020 11:52:17 საგარეო პოლიტიკა ,კომენტარი

გადაუჭრელი კონფლიქტი, რთული რელიეფი და ძვირადღირებული პროექტი – ეს იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელთა გათვალისწინებით აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი პოლ გობლი სომხეთზე, ნახჭევანსა და თურქეთზე გამავალი ახალი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის გეგმის ჩაშლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გობლმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რის გამოც აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, სომხეთზე, ნახჭევანსა და თურქეთზე გამავალი ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის გეგმაა, რომელსაც მოსკოვი დაეთანხმა და სომხეთიც აიძულა, რომ დათანხმებულიყო. ეს მიმართულება აწყობს თურქეთსაც. თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამმხრივი განცხადების ხელმოწერით კონფლიქტი არ დარეგულირებულა და ახალი ბრძოლების აფეთქებამ შესაძლოა, ამ პროექტის განხორციელება გააჭიანუროს, ან საერთოდ ჩაშალოს იგი. მართალია, ნახჭევანსა და თურქეთს შორის, საერთო ჯამში, 13კმ–იანი საზღვარია, თუმცა ეს მანძილი რკინიგზის, მილსადენებისა და მაგისტრალების მშენებლობისთვის შესაძლოა, საკმარისი იყოს. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი პრობლემაა თურქეთში ამ კავშირების მშენებლობა, რადგან ტოპოგრაფიული თვალსაზრისით ტერიტორია ხასიათდება რთული რელიეფით. აქ ნებისმიერი კავშირის მშენებლობა ძვირი დაჯდება და მე ნაკლებად მეგულება საერთაშორისო ბანკი ან რომელიმე მთავრობა, რომლებიც ამ პროექტს დაუჭერენ მხარს მანამ, ვიდრე ბოლომდე დარწმუნებულები​ არ იქნებიან ამ საკავშირო კვანძის თავიდან ბოლომდე გეგმის მიხედვით განხორციელებაში", – განაცხადა გობლმა "აქცენტთან" საუბრისას.

რაც შეეხება ამ სატრანსპორტო კვანძის შესაძლო გავლენას საქართველოზე, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სატრანზიტო ლიდერის როლი ექსკლუზიურად აღარ ექნება.

"თუ ეს სატრანსპორტო კვანძი აშენდა, საქართველოს სატრანზიტო ლიდერის როლი ექსკლუზიურად აღარ ექნება. ყველაზე დიდი შესაძლო გავლენა ალბათ, იქნება იმ მილსადენის მნიშვნელობის შემცირება, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით გადის. თუმცა სავაჭრო ხაზი ხმელთაშუაზღვისპირეთსა და კასპიის რეგიონს შორის შესაძლოა იმ დონემდე გაძლიერდეს, რომ საქართველოს გზა მაინც უფრო მნიშვნელოვანი დარჩეს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა ამ შემთხვევაში ბათუმისა და ფოთის პორტები უნდა გაფართოვდნენ, რათა დატვირთვას გაუმკლავდნენ. თბილისისთვის გონივრული ნაბიჯი იქნება, ახლავე დაიწყოს ამ მიმართულებით დაგეგმვა", – დასძინა გობლმა.

ცნობისთვის: 2020 წლის 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

სამმხრივი განცხადების მე–9 პუნქტში აღნიშნულია შემდეგი:

"განიბლოკება ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველჰყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების ორივე მიმართულებით შეუფერხებელი გადაადგილებისათვის. კონტროლს სატრანსპორტო კავშირზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორგანოები განახორციელებენ.

მხარეთა თანხმობით უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომლებიც ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან დააკავშირებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები