
ლევან ზურაბაშვილს თავისუფლების 9-დან 14 წლამდე აღკვეთა ემუქრება
22/11/2020 11:32:01 სამართალი
ლევან ზურაბაშვილს, რომელიც 20 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა, 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნული მუხლი 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, “ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს”.
ცნობისთვის: მამაკაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში 20 ნოემბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მან ერთ–ერთი მძევლის საშუალებით წამოაყენა მოთხოვნები, რომ აიკრძალოს აზარტული თამაშები, შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ხოლო მედიკამენტებზე – ფასები. ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მან მძევლები გაათავისუფლა, თავად კი სამართალდამცველებმა დააკავეს.