
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც ჰაერს ვირუსებისგან არა მარტო ფილტრავს, არამედ კორონავირუსის ნაწილაკების 90%–საც ანადგურებს
22/11/2020 16:22:51 მსოფლიო
ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც ჰაერს ვირუსებისგან არა მარტო ფილტრავს, არამედ კორონავირუსის ნაწილაკებსაც ანადგურებს.
კერძოდ, როგორც ბრიტანელი მკვლევარები აცხადებენ, პირბადეზე მოხვედრის შემთხვევაში Covid-19-ის ნაწილაკების 90% კვდება. გარდა ამისა, მისი ტარების შემთხვევაში ჰაერის ფილტრაციის ეფექტურობა 99,98%–ია.
ახალ პირბადეს 5 ფენა აქვს, მათ შორის – ანტივირუსული, რომელიც ნანო სპილენძისგან არის დამზადებული. ბრიტანელი მკვლევარების თქმით, როდესაც კორონავირუსის ნაწილაკები პირბადეზე მოხვდება, სპილენძის იონები მათ განადგურებას იწყებენ.
მეცნიერების განცხადებით, პირბადეების წარმოება რამდენიმე დღეში დაიწყება და ისინი გაყიდვაში სავარაუდოდ, დეკემბრიდან გამოვა. ახალი პირბადის ზუსტი ფასი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 58 731 059 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 390 259 ადამიანი იმსხვერპლა. 40 653 933 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 85 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 976 გარდაიცვალა.