
გაბუნია განმარტავს, რა ტიპის ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს მთავრობა
22/11/2020 18:10:11 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ხელისუფლება განიხილავს ისეთი წერტილოვანი შეზღუდვების საკითხს, რომელთა დაწესებაც მობილობას შეამცირებს.
მისივე თქმით, მთავრობის სტრატეგია წერტილოვანი შეზღუდვებია და არა – საყოველთაო "ლოქდაუნი".
„ჩვენთვის დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი არის, რომ მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მაინც მივაღწიოთ. შეზღუდვა შესაძლოა, შეეხოს მგზავრთა ნაკადების მართვას, ესეც სრული შეწყვეტის გარეშე, რათა მაინც შენარჩუნდეს აქტივობის გარკვეული დონე, რაც აუცილებელია ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობისთვის. დეტალები დაზუსტდება და როგორ კი იქნება ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 49 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 4048 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 104732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 85639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 976 გარდაიცვალა.