ლევან ზურაბაშვილს პატიმრობა შეეფარდა

23-11-2020 12:28:45 სამართალი

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ზურაბაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. მისივე თქმით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა.

საქმეზე დაინიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ზურაბაშვილს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის: მამაკაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში 20 ნოემბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მან ერთ–ერთი მძევლის საშუალებით წამოაყენა მოთხოვნები, რომ აიკრძალოს აზარტული თამაშები, შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ხოლო მედიკამენტებზე – ფასები. ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მან მძევლები გაათავისუფლა, თავად კი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები