ახალგორის კლინიკაში კარანტინზე დე ფაქტო საზღვრის ე.წ. დარღვევის ბრალდებით დაკავებული სამი პირია მოთავსებული

23-11-2020 12:59:13 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონში კოვიდ-ეპიდემიამ უკან დაიხია, - განუცხადა ოსურ სააგენტო “რესს” რაიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ზურაბ გობოზოვმა.

მისივე თქმით, სტაციონარში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

ამასთან, გობოზოვის ინფორმაციით, კლინიკაში კარანტინის გასავლელად შეიყვანეს “საქართველოსთან საზღვრის სამი დამრღვევი”. როდის დააკავეს აღნშნული პირები – მას არ დაუკონკრეტებია.

«ამ დროისთვის ტესტირების დადებითი შედეგით მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა უკვე უმჯობესდება. გარდა ამისა, 14-დღიან კარანტინში გვყავს საზღვრის სამი დამრღვევი», – განაცხადა გობოზოვმა.

ახალგორის რაიონში კოვიდ-ინფიცირების 30 შემთხვევა იყო აღრიცხული, მთლიანად ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან 1684 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ახალგორის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე თბილისისკენ ტრანსპორტირებისას კორონავირუსით გარდაიცვალა.21 ნოემბერს საქართველოს უშიშროების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარის მიდამოებში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები