სამადაშვილი: "თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, სიას გავანულებთ"

24-11-2020 00:27:39 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები უშედეგო დასრულდება, "ენმ - ძალა ერთობაშია" სიას გაანულებს.

მისი თქმით, სიის განულება ნიშნავს იმას, რომ აღარ იარსებებს არანაირი შემდეგი დეპუტატი.

"თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას. არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს. რაც ნიშნავს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან არა მხოლოდ 35 დეპუტატი, არამედ მთლიანად სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში", - განაცხადა სამადაშვილმა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ადასტურებს 76 დეპუტატი, ხოლო ამის შემდეგ თითოეულ მათგანს შეუძლია, განცხადება დაწეროს პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, მათ დაატოვებინებს თუ არა პარლამენტს.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები