13-05-2019 20:19:02 ევროპა ,პოლიტიკა ,აღმოსავლეთ პარტნიორობა ,საგარეო პოლიტიკა
დღეს ბრიუსელში ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო განცხადება მიიღეს. როგორც „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, განცხადების ტექსტზე მუშაობის პროცესში საქართველომ და უკრაინამ გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ტექსტი ბრიუსელის მხრიდან რამდენიმე „აღმოსავლელი პარტნიორის“ "ევროპული მისწრაფებების" აღიარებას არ მოიცავდა.
მიუხედავად ამისა, მისივე ინფორმაციით, თბილისი და კიევი დასთანხმდნენ ფორმულირებას, რომელიც უწინდელ ტექსტებში, მაგალითად, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტთა განცხადებებში იყო მოცემული.
ამავდროულად, როგორც “რადიო თავისუფლების” წყარო იუწყება, აზერბაიჯანის უკმაყოფილების გამო ევროკავშირისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადღესასწაულო განცხადების მნიშვნელობა შეარბილეს.
„აზერბაიჯანს არ მოეწონა, რომ ტექსტში ნახსენები არ იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ტექსტი იგივე რჩება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განცხადებისთვის ხელი ყველა მონაწილეს მოეწერა, მას მხოლოდ შეხვედრის ხელმძღვანელის – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ფედერიკა მოგერინის დამოწმება ახლავს თან“, – იუწყება „რადიო თავისუფლება“.
ცნობისთვის: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შექმნა შვედეთის და პოლონეთის ინიციატივა იყო. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსისა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოებას ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზების გარეშე.