სახალხო დამცველმა ეუთო–ს მიმართა თხოვნით, უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის შერჩევის პროცესს დააკვირდეს

24-11-2020 11:57:24 სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ეუთო–ს მიმართა თხოვნით, უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის შერჩევის პროცესს დააკვირდეს.

"იმის გამო, რომ 2019 წელს მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები (მათთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა შესაბამისი კრიტიკული შეფასებები, რომელთა საკანონმდებლო დონეზე შემდგომი ასახვა და გამოსწორება მნიშვნელოვანია). სწორედ ახალი ნორმების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 ვაკანსიაზე. მათგან 9 ვაკანსიაზე უკვე დასრულებულია საბუთების შეტანა, ხოლო 1 ვაკანსიაზე კი კვლავ მიმდინარეობს. პროცესს თავისი მანდატის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს სახალხო დამცველი. ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები", - აცხადებს სახალხო დამცველი.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 10 ვაკანტური თანამდებობაა. 14 მათგანი პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ კლანზე, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, რაც სისტემის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ხელს უშლის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები