"კოვიდ–ინფიცირების ის დინამიკა, რაც სადღეისოდ გვაქვს, აქციებს უკავშირდება"

24-11-2020 13:08:57 საზოგადოება

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების მატების მიზეზად "უპასუხისმგებლო აქციებს" ასახელებს.

"ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც საარჩვენო პროცესის შემდგომი აქტივობა, მე ვგულისხმობ იმ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, უპასუხისმგებლო აქციებს, რომელიც არა მხოლოდ არ მოუწოდებდნენ თავის ამომრჩეველს რომ პირბადე გამოეყენებინათ, პირიქით, დაუმორჩილებლობის პროტესტის სახით იყო...როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, ვხედავთ, რომ არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაა, რომ წესების დაცვა არ მოხდეს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს არ აისახოს იმ რიცხვებში, რაც გვაქვს. სწორედ, ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები