"ოპოზიციამ დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ ეპიდსიტუაცია დამძიმებულიყო. ეს არის მავნებლობა"

24-11-2020 16:53:08 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრის ლადო კახაძის განცხადებით, "გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმებულიყო".

"ეს ეპიდემია ყველასთვის დიდი გამოწვევაა. სამართავადაც რთულია, ძალიან საინტერესოა დაგროვილი ცოდნის სწორად გადანაწილება. სწორედ ასეთ დროს ყველაზე დიდი გამოწვევა თავყრილობებია. პირადი უსაფრთხოება გადის სხვათა უსაფრთხოების პატივისცემაზე - თუ ჩვენ განვიხილებვით პოტენციურად ამ ვირუსის მატარებლად ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სხვას შემთხვევით არ გადავცეთ. შვედეთმა, რომელსაც ლიბერალური მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ, 8 ადამიანზე მეტი არ დაუშვეს შეკრებაზე“, - აღნიშნა ლადო კახაძე.

კახაძის თქმით, "პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნებლობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს".

"გულსატკენია ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიღაცამ მოისურვა ამ სიტუაციის დამძიმება ხელოვნურად და პირდაპირ დასვა ამ არჩევნების ჩარჩოზე. გული მტკივა, მაგრამ ოპოზიციურმა ფრთამ, დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია დამძიმებულიყო, რამეთუ მათ იცოდნენ რეკომენდაციების დონეზე, რომ თავყრილობები არასასურველია, რომ შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ ამ დაავადებამ თავისი ფრთები გაშალოს. მაგალითიც გვაქვს უკვე. გვქონდა ციფრები ზაფხულიდან გამოყოლილი. დავინახეთ ჯიუტად პირბადის გარეშე ერთმანეთის გვერდიგვერდ, არეულად, დისტანციის გარეშე ბევრი ადამიანის თავყრილობა. ეს ადამიანები ერთი ლოკაციიდან კი არ იყვნენ, სხვადასხვა ლოკაციიდან იყვნენ. მივიღეთ, ის რომ ამ თავყრილობის ადგილებიდან ეს ადამიანები საწყის ლოკაციას დაუბრუნდნენ და იქაც იფეთქა ამ დაავადებამ. ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებმა უწესრიგოდ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო. ინფიცირების წყარო გაძლიერდა არასწორი მოპყრობის გამო. ამბობდნენ გაზაფხულზე ეპიდვითარება აუფეთქდებათო- ისე იძახდნენ აუფეთქდებათო, თითქოს ჩვენ სხვები ვიყოთ. ეს არის მავნებლობა. არ ვერიდები ამ სიტყვას. ეს უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის. პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნეობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს“, - დასძინა ლადო კახაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები