ვაშაძე – მეუფე იაკობის შეთავაზებაზე: "პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს"

24-11-2020 18:43:33 საშინაო პოლიტიკა

"ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს", – ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მუფე იაკობის დღევანდელ ინიციატივას.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიალოგისთვის მოდერატორები გვყავს. პრობლემა მოდერატორებში არ არის, პრობლემა არის "ქართულ ოცნებაში", რომელსაც არ უნდა, ადეკვატურად დაინახოს ქვეყანაში არსებული პრობლემები", – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადებით, არჩევნებმა ხალხი უნდა გააერთიანოს და თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება "უცხოელებთან" [ელჩებთან] შეხვედრით ვერ იპოვის გამოსავალს, შეუძლიათ, ეკლესიაში მივიდნენ.

"ხომ ხედავენ, რომ არც ერთ მხარეს არ ჩავრეულვართ ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში. შევხედოთ ირგვლივ, რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ, თორემ მანამდეც ვამბობდი, რომ რთული იქნებოდა. პირდაპირ ჩანდა საითაც მივდიოდით. ჩვენ ამას შევწირეთ ყველაფერი, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები", - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები