"ჩვენი გათვლებით, დღეში 10 000-მდე ახალი კოვიდ–ინფიცირებული მაინც გვყავს"

24-11-2020 22:48:09 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლით, საქართველოში ყოველ დღე ინფიცირების საშუალოდ 10 000 ახალი შემთხვევაა.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები