"არავის არ აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ"

24-11-2020 23:30:47 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ რომელიმე კლინიკა პაციენტს მიღებაზე უარს ეუბნება, პაციენტმა უნდა დარეკოს 1505-ზე და დააფიქსიროს პრეტენზია.

მინისტრის თქმით, ზარზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება, რადგან არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ.

"პაციენტს აქვს უფლება დარეკოს 1505-ზე, ეს ზარი იწერება და, შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის არ აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო არაერთმა კლინიკამ განაცხადა, რომ კოვიდ–ინფიცირებულთათვის თავისუფალი საწოლი აღარ დარჩათ.

ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები