საქართველოს საპატრიარქო მრევლს მიმართავს

25-11-2020 17:08:41 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ "აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან".

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს. ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები